პოროშენკო - ჩვენ გვეწინააღმდეგება ძლიერი მტერი, მაგრამ სიმართლე ჩვენთანაა და ღმერთი ჩვენთანაა

პოროშენკო - ჩვენ გვეწინააღმდეგება ძლიერი მტერი, მაგრამ სიმართლე ჩვენთანაა და ღმერთი ჩვენთანაა

ჩვენ გვეწინააღმდეგება ძლიერი მტერი, იმაზე მეტი არმიით, ვიდრე ჩვენია და უკეთესად შეიარაღებული, რომელიც ჩვენზე თავდასხმის გეგმას წლების განმავლობაში ამუშავებდა, მაგრამ ჩვენ მაინც ძლიერები ვართ, რადგან სიმართლე ჩვენთანაა და ღმერთი ჩვენთანაა. ეს განცხადება დღეს უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ კიევში, მაიდანზე, გასულ წელს, მაიდნის მოვლენების დროს დაღუპულთა ხსოვნისთვის პატივის მისაგებად მიმდინარე ღონისძიებაზე გააკეთა.

პრეზიდენტის თქმით, 22 თებერვალს უკრაინელი ხალხის მოწვევით, კიევში მაიდანზე ჩავლენ ევროპელი ლიდერები იმისთვის, რომ პატივი მიაგონ უკრაინელი ერის გმირობას. ასევე იმისთვის, რათა უკრაინაში ყოფნით დაადასტურონ, რომ უკრაინისთვის ევროკავშირში შესასვლელად კარი ღიაა. პოროშენკოს განცხადებით, ეს არის უკრაინელების გმირობის აღიარება, იმ ფასის აღიარება, რომელიც უკრაინელებმა გადაიხადეს ევროპული პერსპექტივის უფლებისთვის.

"სახელმწიფოს შენარჩუნებას შევძლებთ იმ პირობით, თუ ერთობას შევინარჩუნებთ, როდესაც თავიდან ავიცილებთ შიდა განხეთქილებას და დარწმუნებული ვარ, ეს ასეც იქნება. არ დავუშვებთ შიდა ფრონტის გახსნას, რომლისკენაც ისწრაფვიან მეზობელი სახელმწიფოს სპეცსამსახურები - თესავს შიშს, პანიკას, ჩვენს ძალებში ურწმუნოებას და უკრაინელებს შორის ურწმუნოებას. ჩვენ ამ სცენარს დავამსხვრევთ და ისევე გავიმარჯვებთ, როგორც აქამდე ვიმარჯვებდით. შევაჩეროთ ომი და უკვე რამდენიმე წელში ყველა შეამჩნევს, როგორ იცვლება უკრაინა", - განაცხადა პოროშენკომ.
პრეზიდენტი პირობას დებს, როგორი ძნელიც არ უნდა იყოს და რა გამოცდის წინაშეც არ უნდა აღმოჩნდნენ, მაქსიმუმს გააკეთებენ, რათა ის მსხვერპლი, რომელიც ქვეყანამ გაიღო, ამაო არ აღმოჩნდეს.