უფროს ზურაბ აბაშიძეს მივმართავ - გაითვალისწინოს, რომ პარლამენტში არის პატარა უსუფაშვილი, უმცროსი ზურაბ აბაშიძე, დიდი აკაკი მინაშვილი

უფროს ზურაბ აბაშიძეს მივმართავ - გაითვალისწინოს, რომ პარლამენტში არის პატარა უსუფაშვილი, უმცროსი ზურაბ აბაშიძე, დიდი აკაკი მინაშვილი

დილით, შუადღესა და საღამოს იმის თქმა, "ხვალვე მიგვიღეთ ნატოში" საქმეს რომ შველოდეს, გაძლევთ პირობას, პირველი მე ვიქნები, ვინც ამას დღეში სამჯერ იტყვის", - აღნიშნა განცხადება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დავით უსუფაშვილმა გააკეთა.

პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნული განცხადებით ერთის მხრივ პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძის მიერ გუშინ გამოთქმულ პოზიციას, ხოლო მეორეს მხრივ, მის საპასუხოდ საპარლამენტო ოპოზიციის კრიტიკას გამოეხმაურა.

დავით უსუფაშვილმა პარლამენტის ტრიბუნიდან ხაზგასმით აღნიშნა, რომ თავად ნატო არ არის მზად იმისთვის, საქართველო მის შემადგენლობაში დღეს და ხვალ მიიღოს. პარლამენტის თავმჯდომარის განმარტებით, ქვეყანა ამ მიმართულებით მუშაობს და ამასთან, ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რათა დესტაბილიზაცია, ომი და უბედურება იყოს თავიდან აცილებული როგორც ქვეყანაში, ისე რეგიონში.

"ქვეყანა, რომელიც ვერ ახერხებს საერთაშორისო ასპარეზზე და საგარეო ურთიერთობებში გამოჩნდეს როგორც ქვეყანა, სახელმწიფო, ვერ ახერებეს იმას, რომ მასში არსებული პოლიტიკური ჯგუფები საგარეო ურთიერთობებში გამოდიოდნენ, როგორც საერთო ინტერესების დამცველები, ის ქვეყანა, რა თქმა უნდა, საფრთხის წინაშეა – ნატოს წევრობითაც და ნატოს წევრობის გარეშეც. ჩვენი მთავარი ამოცანაა, ამ უზოგადეს საკითხში მოვძებნოთ ის, რაც გვაერთიანებს და ეს არაერთხელ გამოკვეთილა ამ დარბაზში გამართული დებატების დროს. ორივე მხარეს ძალიან მკაფიოდ გვინახავს საგარეო ურთიერთობების თვალსაზრისით, პრაქტიკულად არანაირი განსხვავებები არ არის, გარდა იმისა, თუ როგორ ჯობია – მარჯვნიდან შემოვუაროთ თუ მარცხნიდან. მაგრამ შეიძლება ყოველ ჯერზე იმის მიზეზებს ვეძებდეთ, რომ რაღაც პატარა საკითხი და პრობლემა იმ დონეზე და ზომამდე ავიყვანოთ, რაც მე აქ აკაკი მინაშვილის მხრიდან მოვისმინე და რაც შემდგომში ჩვენმა კოლეგამ ზურაბ აბაშიძემაც დაამატა?! შეიძლება აქამდე აყვანა ამ თემებისა და საკითხების?! პრემიერ-მინისტრის წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ თქვა, რომ ხვალ და ზეგ ნატოს წევრობა რეალური არ არის. ჩვენს კოლეგას ოპოზიციიდან რომ ეთქვა, ნატოში ინტეგრაცია ეს არის პროცესი, რომელშიც ჩვენ უნდა ვიაროთ წინ და გადავდგათ ერთად ნაბიჯები, ეს მშვენიერი პოლიტიკური განცხადება იქნებოდა და მას კითხვის ნიშნის ქვეშ არავინ დააყენებდა, მაგრამ იგივე შინაარსის ფრაზა თუ ნათქვამი სხვა სიტყვებით, უკვე არის კატასტროფა! ამიტომ აქედან უფროს ზურაბ აბაშიძეს მივმართავ - გაითვალისწინოს, რომ პარლამენტის სხდომათა დარბაზში არის პატარა უსუფაშვილი, უმცროსი ზურაბ აბაშიძე, დიდი აკაკი მინაშვილი და ასე შემდეგ და თავისი გამოთქმები, შენიშვნები და ფრაზეოლოგია მაქსიმალურად იმ დოგმატურ პოზიციებს მიუახლოვოს, რომელსაც ჩვენი პატივსაცემი კოლეგები გვიკიჟინებენ. როგორც ბიბლიაში არ უნდა შეცვალო სიტყვა, ამ დონის დოგმატიკამდე უნდათ მიიყვანონ ნატოზე და ნატოსთან დაკავშირებული საკითხები. გთხოვთ, წერილობით მომაწოდოთ ეს - რა ფრაზით შეიძლება იმ რეალობის აღწერა, რომ დიახ, სამწუხაროდ, საქართველოს ნატოში გაწევრიანება ისე სწრაფი ვერ აღმოჩნდა, როგორც თქვენ 2008 წელს გეგონათ, როგორც მე 1995 წელს მინდოდა და როგორც ყველას გვინდა, რომ ნატოში ხვალ და ზეგ მოვხვდეთ. ეს რეალობაა, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ სწორი ნაბიჯები გადავდგათ და ამ ჩარჩოში ვმოძრაობთ", - მიმართა კოლეგებს პარლამენტის ტიბუნიდან დავით უსუფაშვილმა.

უსუფაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში, ნატოს არც ერთი წევრი ქვეყნის მთავრობისა და არც ერთი პოლიტიკური ძალის წარმომადგენელს არ უთქვამს, რომ "ქართული ოცნების" ხელისუფლებამ რაღაც სწორად არ გააკეთა, რათა ქვეყანა ნატოსკენ წინ წასულიყო. მან საპარლამენტო ოპოზიციას მიმართა, რომ ერთადერთი მხოლოდ ისინი არიან უკმაყოფილო.

"არც ერთი ნაბიჯი გვერდზე, რასაც საქართველოს ევროპული არჩევანი ჰქვია, არ ყოფილა", - აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.