გიორგი კვირიკაშვილი - სიტუაცია მარტივი არ არის, მაგრამ უახლოეს პერიოდში ძალიან მარტივად ექვემდებარება გამოსწორებას

გიორგი კვირიკაშვილი - სიტუაცია მარტივი არ არის, მაგრამ უახლოეს პერიოდში ძალიან მარტივად ექვემდებარება გამოსწორებას

მთავრობის ეკონომიკური გუნდის წევრები დღეს ეკონომიკის სამინისტროში შეიკრიბნენ და ეროვნული ვალუტის მდგომარეობის შესახებ იმსჯელეს.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ვიცეპრემიერ გიორგი კვირიკაშვილთან გამართულ სამუშაო შეხვედრას დაესწრნენ: ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური, ინფრასტრუქტურისა და რეგიონული პოლიტიკის მინისტრი დავით შავლიაშვილი, თბილისის მერი დავით ნარმანია, ეკონომიკური საბჭოს მდივანი გიორგი გახარია, საპარტნიორო ფონდის წარმომადგენელი და სხვა ოფიციალური პირები.

"განვიხილეთ მიმდინარე ოპერატიული ინფორმაცია სავალუტო კურსთან დაკავშირებით, ვიმსჯელეთ ბიუჯეტის შესრულების მაჩვენებლებზე. ასევე გავიარეთ კაპიტალური დანახარჯების კუთხით ხარჯვის ოპერატიული ინფორმაცია. ვიმსჯელეთ ასევე ბიზნესისა და ინვესტიციებისთვის დამატებითი ხელშემწყობი ღონისძიებების შესახებ. ეს მსჯელობა გაგრძელდება ეკონომიკურ საბჭოში პრემიერის ხელმძღვანელობით და გადაწყვეტილებებს უახლოეს პერიოდში მივიღებთ.

სიტუაცია მარტივი არ არის. ბევრი კომპონენტის შესრულებაა საჭირო იმისათვის, რომ ვითარება გამოსწორდეს. შეთანხმებული ერთიანი სამოქმედო გეგმის პირობებში, ვფიქრობთ, რომ სიტუაცია უახლოეს პერიოდში ძალიან მარტივად ექვემდებარება გამოსწორებას. საჭიროა ერთიანი მუშაობა როგორც აღმასრულებელი, ასევე საკანონმდებლო ხელისუფლების მხრიდანაც", - განაცხადა კვირიკაშვილმა.

ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურის განცხადებით, დღევანდელ ტრადიციულ შეხვედრაზე დასახეს ძალიან კონკრეტული გეგმები იმასთან დაკავშირებით, უახლოეს პერიოდში როგორ მოხდეს სიტუაციის გაუმჯობესება.

"ვფიქრობთ, რომ როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების, ისე განსაკუთრებით ეროვნული ბანკის ხელმძღვანელების ერთობლივი სინქრონული მუშაობით შესაძლებელი იქნება არსებული პრობლემების გადაწყვეტა", - განაცხადა ხადურმა.