საგარეო უწყება აშშ-ის მიერ აფხაზეთის მცხოვრებლებისთვის სავიზო პოლიტიკის შერბილების შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებს

საგარეო უწყება აშშ-ის მიერ აფხაზეთის მცხოვრებლებისთვის სავიზო პოლიტიკის შერბილების შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აშშ-ის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის მცხოვრებლებისთვის სავიზო პოლიტიკის შერბილების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია არ დასტურდება.

"ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება, თუმცა დამატებითი განმარტებებისთვის შეგიძლიათ აშშ-ის საელჩოს დაუკავშირდეთ", - განუცხადეს "ინტერპრესნიუსს" საგარეო უწყებაში.
რაც შეეხება შეერთებული შტატების საელჩოს საქართველოში, როგორც საელჩოში აცხადებენ, აფხაზური პასპორტებისადმი ამერიკის დამოკიდებულება არ შეცვლილა და ამერიკა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს საქართველოს რეგიონებად მიიჩნევს.

აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა ვიაჩისლავ ჩირიკბამ განაცხადა, რომ აფხაზეთის იმ მცხოვრებთათვის, რომლებიც აფხაზეთში რუსეთის საკონსულოს მიერ გაცემულ რუსულ პასპორტებს ფლობენ, შეერთებულმა შტატებმა სავიზო პოლიტიკა შეარბილა. იგივე საკითხის დაყენებას დე ფაქტო ხელისუფლება ევროკავშირის ქვეყნების წინაშეც, ჟენევის დისკუსიების მორიგ რაუნდზე გეგმავს.

"ჟენევის მოლაპარაკებებზე ჩვენი მუშაობის ერთ-ერთი მთავარი ასპექტი იქნება ევროკავშირის სავიზო რეჟიმის განხილვა. ამერიკამ უკვე მოხსნა ყველა აკრძალვა აფხაზეთის იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც ამერიკაში რუსეთის პასპორტებით მიდიან, მაგრამ ევროკავშირის ქვეყნების: გერმანიის, იტალიის, საფრანგეთისა და ბელგიის მხრიდან ჯერ კიდევ დიდი პრობლემებია. საბუთების აღიარების შესახებ განხილვა მიმდინარეობს ბრიუსელშიც. საუბარია ასევე განათლების, დაბადების, გარდაცვალებისა და ქორწინების დამადასტურებელი დოკუმენტაციის ცნობაზეც", - განაცხადა ჩირიკბამ.

მისივე თქმით, ივნისში ჟენევაში საინფორმაციო სესია გაიმართება იმ პრობლემების მოსაგვარებლად, რაც აფხაზეთის ტერიტორიაზე გაცემული დოკუმენტების აღიარებას უკავშირდება.