ზურაბ აბაშიძის და თუნდაც მთავრობის განცხადება ევროატლანტიკურ კურსს ვერ შეცვლის

ზურაბ აბაშიძის და თუნდაც მთავრობის განცხადება ევროატლანტიკურ კურსს ვერ შეცვლის

საქართველოს პრემიერის სპეციალური წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძის და თუნდაც მთავრობის განცხადება ვერანაირად ვერ შეცვლის ევროატლანტიკურ კურსს, ამას სჭირდება პარლამენტის გადაწყვეტილება , - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილმა მოადგილემ, პროფესორმა ლევან ბოძაშვილმა განუცხადა.

აღნიშნულ კონტექსტში, ბოძაშვილი რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძის მიერ გუშინ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით ოპოზიციის მხრიდან გამოთქმულ კრიტიკას "სპეკულაციად" მიიჩნევს.

"არ ვეთანხმები იმ პოზიციას, რომ კურსი არის შეცლილი. კურსის შესაცვლელად პარლამენტის გადაწყვეტილებაა საჭირო. ხშირად დიპლომატებსაც და ყველას გვავიწყდება, რომ მთავარი ამოსავალი არის ჩვენი კონსტიტუცია, რომელიც ძირითადი პრიორიტეტების განმსაზღვრელად მიიჩნევს მხოლოდ პარლამენტს, რაც მან გააკეთა კიდეც 2013 წლის მარტში, როცა ევროატლანტიკური ინტეგრაცია გამოაცხადა მთავარ და პრიორიტეტულ მიმართულებად. ამიტომ აბაშიძის განცხადება ვერანაირად ვერ შეცვლის ამ კურსს. ვერც მთავრობა შეცვლის კურსს, თუ არ იქნება პარლამენტის გადაწყვეტილება. თუ მთავრობა ან მისი რომელიმე წარმომადგენელი ახორციელებს პარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციასთან შეუთავსებელ საგარეო პოლიტიკურ ქმედებებს, ამაზე პარლამენტმა რეაგირება უნდა მოახდინოს, მაგრამ ჩვენ მოვისმინეთ საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებაც, რომელიც ამ შემთხვევაში მთავრობის უფრო მაღალი რანგის წარმომადგენელია და რომელმაც დაადასტურა, რომ კურსის ცვლილებას ადგილი არ აქვს. ამიტომ ასეთი სპეკულაციები, ჩემი აზრით, არის გაუმართლებელი. ცოტა უფრო ფართოდ უნდა შევხედოთ მოვლენებს - რა კონტექსტში, როდის გაკეთდა ესა თუ ის განცხადება. შინაარსობრივად ნატოს ინფრასტრუქტურის განთავსებაზე ისედაც არ არის საუბარი. რაც შეეხება საწვრთნელ ცენტრს, ეს არის წვრთნების საკითხში ნატოსთან თავსებადობის ამაღლების გარანტია, რასთანაც კურსის ცვლილება არაფერ შუაშია. არავის უთქვამს, რომ ნატოს საწვრთნელი ცენტრი აღარ გაიხსნება და ა.შ. ამიტომ მიმაჩნია, რომ ეს გარკვეულწილად ხელოვნურად ატეხილი ამბავია", - განაცხადა ბოძაშვილმა.

მეორე მხრივ, სამართლის ექსპერტის აზრით, ხელისუფლებისთვის საყურადღებოა ის სიგნალი, რაც ზურაბ აბაშიძის განცხადებასთან მიმართებაში საზოგადოებისგან წამოვიდა.

"სიგნალი, რომელიც წამოვიდა საზოგადოების სხვადასხვა ნაწილისგან, საყურადღებოა ხელისუფლებისთვის. მეტიც, მას აძლევს უფრო მეტი ლავირების საშუალებას თავის პარტნიორებს, განსაკუთრებით რუსეთს დაანახოს საზოგადოების განწყობები. ასე რომ, ხელისუფლებისთვის კარგია საზოგადოებიდან წამოსული ასეთი კრიტიკა", - აღნიშნა მან.

პრემიერის სპეციალურმა წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის განცხადებაზე საპასუხოდ გუშინ განაცხადა, რომ ნატო-საქართველოს თანამშრომლობა არ არის მიმართული იმ მიზნისკენ, რომ საქართველოში ნატო-ს სამხედრო ინფრასტრუქტურა განთავსდეს.

"ასეთი გეგმა ბუნებაში არ არსებობს და ბრიუსელში, მოსკოვსა და თბილსშიც კარგად იციან, რომ დღეს და ხვალ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება დღის წესრიგში არ დგას", - განმარტა მან.

აბაშიძის აღნიშნულ განცხადებას ოპონენტების კრიტიკა მოჰყვა. ოპოზიციამ პრემიერის სპეციალური წარმომადგენლის პოზიციაში ევროატლანტიკური კურსის ცვლილების საფრთხე დაინახა. საკუთარ განცხადებაზე აბაშიძემ გუშინვე განმარტებები გააკეთა და როგორც აღნიშნა, "ოპონენტები სანთლით ეძებენ რაიმე მინიშნებას საქართველოს ევროატლანტიკური კურსის ცვლილებაზე".