ფრაქცია "თავისუფალი დემოკრატები" პარლამენტში, ფრაქციის სხდომის ფორმატში, ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრებს იბარებენ.
"თავისუფალი დემოკრატები" ფრაქციის სხდომაზე დასწრების მოთხოვნით, გიორგი კვირიკაშვილსა და ნოდარ ხადურს დღეს მიმართავენ.
საპარლამენტო ოპოზიციზიის წარმომადგენლებს მინისტრებისგან პასუხების მოსმენა ქვეყანში შექმნილ ფინანსურ და ეკონომიკურ პრობლემებთან დაკავშირებით სურთ.
"ქვეყანაში შექმნილია უკიდურესად მძიმე ეკონომიკური ვითარება, ბოლო სამი თვის განმავლობაში ლარი 20%-ით გაუფასურდა. ხელისუფლება და მთავრობა მოსახლეობას სთავაზობს მტკნარ ტყუილს, რომ თითქოს ყველაფერი კარგად არის. მათ ან წარმოდგენა არ აქვთ, თუ რა ხდება ქვეყანაში, ან საზოგადოება სხვა ქვეყანაში და მთავრობა სულ სხვა ქვეყანაში ცხოვრობს. "თავისუფალი დემოკრატები" ვითხოვთ მობრძანდნენ ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრები ფრაქციის სხდომაზე და გაწეული საქმიანობის ანგარიში წარმოადგინონ, თუ რას აკეთებენ იმისთვის, რომ ქვეყანა ეკონომიკურ კოლაფსში არ ჩავარდეს. შექმნილ ვითარებაზე პასუხისმგებლობას არავინ არ იღებს - ზოგიერთი მინისტრი ამბობს, რომ არსებული მდგომარეობა მისი პასუხისმგებლობა არ არის, პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ ყველაფერი კარგადაა, ხოლო პირველი მოქალაქე ამბობს, რომ ბანკირები უნდა დავიქირაოთ. საზოგადოებას არ აქვს რწმენა და იმედი იმისა, რომ ხელისუფლებას კრიზისის დაძლევა შეუძლია", - განუცხადა ჟურნალისტებს ფრაქციის თავმჯდომარე ირაკლი ჩიქოვანმა.
პალამენტის რეგლამენტის გათვალისწინებით, მთავრობის წევრი პარლამენტის მიერ არჩეული თანამდებობის წევრის მოთხოვნის შემთხვევაში, ვალდებულია დაესწროს ფრაქციის სხდომებს და პასუხი გასცეს სხდომაზე დასმულ შეკითხვებს.