უკრაინის უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელის ვალენტინ ნალივაიჩენკოს ინფორმაციით, მაიდანის მოვლენებისას უცხოელი სნაიპერების ჯგუფს რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე ვლადისლავ სურკოვი ხელმძღვანელობდა.
როგორც ნალივაიჩენკომ ტელეარხ "1+1"-ის ეთერში განაცხადა, აღნიშნული ინფორმაცია დაკითხვებზე უშიშროების სამსახურის სპეციალური ქვედანაყოფის "ალფას" თანამშრომლებმა გაახმაურეს.
"მათ კონკრეტული ჩვენებები მოგვცეს იმ უცხოელი სნაიპერების ჯგუფის ადგილმდებარეობის შესახებ, რომელიც როგორც აქციის მონაწილეებს, ისე უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ძალების წარმომადგენლებს დამიზნებით ესროდნენ", - განაცხადა ნალივაიჩენკომ.
მისივე ინფორმაციით, ევრომაიდნის აქტივისტების დასაშლელად 2013 წლის დეკემბერიდან 2014 წლის თებერვლამდე კიევში რუსეთის ფედერალური უშიშროების სამსახურის სამი ჯგუფი ჩავიდა.