დებალცევოში სეპარატისტების მიერ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევის მიუხედავად, "ნორმანდიული ოთხეული" არ მიიჩნევს, რომ მინსკის შეთანხმება ჩავარდა. "დოიჩე ველეს" ინფორმაციით, გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი, საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი, უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მტკიცედ აპირებენ მიღწეული შეთანხმების რეალიზება მოახდინონ. ამის შესახებ გერმანიის ფედერალური მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა შტეფენ ზაიფერტმა განაცხადა.
"სატელეფონო საუბრისას მხარეებმა ერთიანი აზრი გამოხატეს კონკრეტული ნაბიჯების გადადგმის აუცილებლობის შესახებ, რომელიც დაზავებისკენ იქნება მიმართული და ეუთოს დამკვირვებელთა კონტროლქვეშ გავიდეს მძიმე შეიარაღება მინსკის 12 თებერვლის შეთანხმების საფუძველზე", - განაცხადა ზაიფერტმა.
ამასთან, გამოცემა "შპიგელი" ელისეის სასახლეზე დაყრდნობით იუწყება, რომ "ნორმანდიული ოთხეული" გამოვიდა მოწოდებით, დაჩქარდეს ტყვეების გათავისუფლების პროცესი.