ზურაბ აბაშიძე - ჩვენი ოპონენტები სანთლით ეძებენ რაიმე მინიშნებას საქართველოს ევროატლანტიკური კურსის ცვლილებაზე

ზურაბ აბაშიძე - ჩვენი ოპონენტები სანთლით ეძებენ რაიმე მინიშნებას საქართველოს ევროატლანტიკური კურსის ცვლილებაზე

მრჩება შთაბეჭდილება, რომ ჩვენი ოპონენტები სანთლით ეძებენ რაიმე მინიშნებას საქართველოს ევროატლანტიკური კურსის ცვლილებაზე, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძემ განუცხადა.

პრემიერის სპეციალურმა წარმომადგენელმა განმარტება გააკეთა მის მიერ გუშინ გაკეთებულ განცხადებაზე, რომ "ნატო-საქართველოს თანამშრომლობა არ არის მიმართული იმ მიზნისკენ, რომ საქართველოში ნატო-ს სამხედრო ინფრასტრუქტურა განთავსდეს. ასეთი გეგმა ბუნებაში არ არსებობს და ბრიუსელში, მოსკოვსა და თბილსშიც კარგად იციან, რომ დღეს და ხვალ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება დღის წესრიგში არ დგას". ზურაბ აბაშიძე ოპონენტების კრიტიკას გამოეხმაურა.

"ჩემმა კომენტარმა, რომელიც საქართველო-ნატოს ურთიერთობასთან დაკავშირებით ბატონ ლავროვის განცხადებაზე რეაქცია იყო, გარკვეული აჟიოტაჟი გამოიწვია. მრჩება შთაბეჭდილება, რომ ჩვენი ოპონენტები სანთლით ეძებენ რაიმე მინიშნებას საქართველოს ევროატლანტიკური კურსის ცვლილებაზე. წესით ამ შემთხვევაშიც არ უნდა ეპოვნათ ასეთი მინიშნება. მე 7 წლის განმავლობაში ვიყავი ნატოში საქართველოს მისიის ხელმძღვანელი და ნატო-საქართველოს ურთიერთობების თაობაზე გარკვეული წარმოდგენა მაქვს. შევეხები იმ დეტალებს, რამაც კრიტიკა გამოიწვია. კერძოდ, პირველი _ მე განვაცხადე, რომ "ნატოსთან თანამშრომლობა არაირად არ არის მიმართული იმისკენ, რომ საქართველოში განლაგდეს ნატოს სამხედრო ინფრასტრუქტურა". სამხედრო ინფრასტრუქტურის განლაგებაში ვგულისხმობდი ნატო-ს სამხედრო ბაზებს საქართველოში და არა ერთობლივი საწვრთნელი ცენტრის დაარსებას, რომელიც გათვალისწინებულია უელსის სამიტზე მიღებული პაკეტის ფარგლებში. ერთობლივად მართული საწვრთნელი ცენტრი მისი შინაარსით მნიშვნელოვნად განსხვავდება ნატოს სამხედო ბაზისგან. ეს ცენტრი საქართველოს საკუთრება იქნება! ჩვენი მიზანი კი, რა თქმა უნდა, ნატოს სტანდარტებთან დაახლობა და ალიანსში შემდგომი ინტეგრაციაა. მეორე _ რატომღაც მიუღებელი აღმოჩნდა ჩემი მოსაზრება იმის თაობაზეც, რომ საქართველო არ გადადგამს ისეთ ნაბიჯს, რომელიც ზიანს მიაყენებს რეგიონულ უსაფრთხოებას. არ ვიცი, რატომ გამოიწვია ამ თეზამ კითხვის ნიშანი. ჩვენ ვთვლით, რომ ჩვენი თანამშრომლობა ნატოსთან არანაირ საფრთხეს არ უქმნის რეგიონის ან რომელიმე სხვა ქვეყანას. თუმცა, ამავე თეზას მე მივაყოლე შემდეგი სიტყვები: "რეგიონულ უსაფრთხოებას, საქართველოს უსაფრთხოებას, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრინციპს უპირველესად საფრთხეს უქმნის აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაცია, რუსეთის სამხედრო ჯარების, სამხედრო ინფრასტრუქტურის განლაგება". ვიმეორებ, რომ საქართველოს თანამშრომლობა ნატოსთან რეგიონისთვის, ჩვენი აზრით, არანაირი საფრთხის შემცვლელი არ არის, პირიქით მასტაბილიზირებელი ფაქტორი უნდა იყოს რეგიონის უსაფრთხოებისთვის; საქართველო-ნატოს თანამშრომლობა რომ არ არის მესამე ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული, ამას წლების განმავლობაში ვამბობთ არამარტო ჩვენ, არამედ მუდმივად ამბობენ და ადასტურებენ ჩვენი ნატოელი პარტნიორები; მესამე, გაწევრიანების ვადებთან დაკავშირებით გამოვთქვი ჩემი პირადი ვარაუდი, ვინაიდან არსებული საერთაშორისო კონიუნქტურის გათვალისწინებით, მიმაჩნია, რომ უახლოეს მომავალში, სამწუხაროდ, სრულფასოვანი გაწევრიანება ვერ განხორციელდება. გასათვალისწინებელია, რომ ნატო-ში გადაწყვეტილებები მიიღება კონსენსუსით, ანუ ყველა წევრი ქვეყანა უნდა შეთანხმდეს ახალი წევრის მიღების თარიღთან დაკავშირებით. შესაბამისად, ახალი წევრის მიღება საბოლოოდ არის დაკავშირებული პოლიტიკურ გადაწყვეტილებასთან და ასპირანტი ქვეყნის წარმატებული რეფორმები არ არის ერთადერთი განმსაზღვრელი ფაქტორი. სხვათა შორის, ასეთი პროგნოზი ჩვენ არაერთხელ გვსმენია ჩვენი ნატოელი პარტნიორებისგან", - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ. 

"არანაირი ცვლილება ჩვენს საგარეო პოლიტიკურ კურსში არ არსებობს და სანამ განსხვავებულ დასკვნებს გამოიტანენ, ჩემს კოლეგებს ვთხოვ, კარგად ჩაიხედონ იმაში, თუ ვინ რა თქვა და როგორია ჩვენი ქვეყნისა და რეგიონის რეალური მდგომარეობა", - დასძინა ზურაბ აბაშიძემ.

ამასთან, ზურაბ აბაშიძის თქმით, მან განაცხადა ის, რაც იმ მომენტისთვის საჭიროდ ჩათვალა და ვერც ერთ ფორმულირებაში სერიოზული კრიტიკის საბაბს ვერ ხედავს.