რომან გოცირიძე - ბიუჯეტი გახდა ეკონომიკური კრიზისის შემქმნელი ფაქტორი

რომან გოცირიძე - ბიუჯეტი გახდა ეკონომიკური კრიზისის შემქმნელი ფაქტორი

ეროვნული ბანკის მიერ გადადგმული ნაბიჯები არ შეიძლება ყოფილიყო საკმარისი, რადგან პრობლემა უფრო დიდია, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის ყოფილმა პრეზიდენტმა, რომან გოცირიძემ "პალიტრა ტვ"-ის გადაცემაში "რეზიუმე" განაცხადა, როდესაც უპასუხა შეკითხვას, ლარის კურსთან დაკავშირებით რატომ არ იმუშავა ეროვნული ბანკის მიერ გადადგმულმა ნაბიჯებმა. 

მისი თქმით, იანვარში ექსპორტის კლება იყო 30%-იანი და აგვისტოდან მოყოლებული ნახევარი წელია ექსპორტი ეცემა და ეცემა. "თუკი 5 თვის განმავლობაში ექსპორტის კლება ძირითადად გამოწვეული იყო რუსეთისა და უკრაინის ბაზრით და შეიძლება მთავრობას ამ შემთხვევაში თავის მართლების რაღაც საბაბი ჰქონდა, ეს სხვა თემაა, მაგრამ იანვარში უკვე კლება იყო ისეთ მნიშვნელოვან დარგებში, როგორიც არის აზოტის გატანა, ფეროშენადნობები და ის დარგები, რომლებიც ტრადიციულად არა რუსულ ბაზრებზე გადიოდა", - აღნიშნა რომან გოცირიძემ. 

მისი თქმით, ლარის გაუფასურებაზე საგარეო ფაქტორიც მოქმედებს, მაგრამ ქვეყანამ დაკარგა შიდა იმუნიტეტი, მოქნილობა. "ბიუჯეტი გახდა სხვანაირი, უამრავი სოციალური ხარჯებია, ხვნა, თესვა, სოფლის მეურნეობის დაკრედიტება, "აწარმოე საქართველოში", ჯანდაცვის პროგამები. თავისთავად ბიუჯეტი გახდა უკვე ეკონომიკური კრიზისის შემქმნელი ფაქტორი, შეიცვალა კონფიგურაცია ეკონომიკური, გარე შოკებისადმი მდგრადობა დაკარგა ეკონომიკამ რეგულაციების გამო, თუმცა არც იმის თქმა შეიძლება, რომ საგარეო ფაქტორი არ არის. არის რა თქმა უნდა", - განაცხადა რომან გოცირიძემ.