ვადა, რომელიც 1-ელი მარტისთვის იწურებოდა, პარლამენტის გადაწყვეტილებით, "უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ" კანონში განხორცილებული ცვლილებებით, ოთხი თვით გაგრძელდა.
პროექტის პლენარულ სხდომაზე განხილვას წინ უძღვოდა კრიტიკა უმცირესობის მხრიდან. "ნაციონალურმა მოძრაობამ" მმართველ გუნდს შესთავაზა, ბინადრობის ნებართვის აღებასთან დაკავშირებით ვადის გადაწევის ნაცვლად, ძველი სავიზო რეჟიმის აღდგენასა და არსებული რეგულაციების საერთოდ გაუქმებაზე მიეღო გადაწყვეტილება. როგორც პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ითქვა, "უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ" მიღებული კანონის შედეგად ქვეყანაში ტურისტებისა და ინვესტირების რაოდენობა შემცირდა, რაც აისახა ეკონომიკურ მდგომარეობაზე და ლარის კურსზე.
ოპოზიციონერმა დეპუტატმა გიორგი კანდელაკმა ისიც განაცხადა, რომ არსებული სავიზო რეგულაციების პირობებში საქართველოს ვიზის აღებას უფრო მეტი დროს სჭირდება, ვიდრე აშშ-ს ვიზის აღებას. როგორც პლენარულ სხდომაზე აღინიშნა, ახალმა სავიზო რეგულაციებმა პრობლემები სამცხე-ჯავახეთის რეგიონში მცხოვრებ სომხურ მოსახლეობასაც შეუქმნა.
ამავე არგუმენტებით დღეს უმცირესობამ სახელისუფლებო გუნდი "შრომითი მიგრაციის შესახებ" კანონპროექტის გამოც გააკრიტიკა, რომელიც დღეს პირველი მოსმენით განიხილეს და მიიღეს.