საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უარყოფს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ აშშ-მა ოკუპირებული აფხაზეთის მოქალაქეებისთვის სავიზო პოლიტიკა გაამარტივა.
როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროში "პირWელს" განუცხადეს, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა ვიაჩესლავ ჩირიკბამ მსგავსი განცხადება დეკემბერშიც გააკეთა, რაც სიცრუე აღმოჩნდა.
რაც შეეხება ევროკავშირის ქვეყნების მიერ სავიზო პოლიტიკაზე შეზღუდვის მოხსნას, ამ საკითხის ჟენევის 31-ე რაუნდზე დაყენებას, საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ე.წ. აფხაზური მხარე მსგავსი ინიციატივებით მუდმივად გამოსდის, თუმცა მას შედეგი არასდროს მოჰყოლია.
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის ვიაჩესლავ ჩირიკბას განცხადებით, "აშშ-მ აფხაზეთის მოქალაქეებისთვის სავიზო შეზღუდვები მოხსნა.
ჩირიკბას ინფორმაციით, ამერიკამ სავიზო პოლიტიკა ოკუპირებული აფხაზეთის იმ ე.წ. მოქალაქეებისთვის შეარბილა, რომლებიც საზღვარს აფხაზეთში მდებარე რუსეთის საელჩოში აღებული რუსული პასპორტებით კვეთენ.
"ჟენევის დისკუსიებზე ჩვენი მუშაობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი, ევროკავშირის სავიზო პოლიტიკის განხილვის გაგრძელება იქნება. აშშ-მ აფხაზეთის მოქალაქეებისთვის უკვე ყველა შეზღუდვა მოხსნა, რომლებიც საზღვარზე რუსული პასპორტებით გადაადგილდებიან. თუმცა ევროკავშირის ქვეყნებთან: გერმანიასთან, საფრანგეთთან, იტალიასთან და ბელგიასთან ძალიან დიდ პრობლემებს ვაწყდებით. დოკუმენტების ცნობის საკითხი ბრიუსელშიც განიხილება", - განაცხადა ჩირიკბამ.