ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის ვიაჩესლავ ჩირიკბას განცხადებით, მათი მოქალაქეებისთვის ევროკავშირის სავიზო პოლიტიკასთან დაკავშირებული პრობლემების მოხსნა უწყების მთავარი ამოცანაა.
ჩირიკბას ინფორმაციით, ამერიკამ სავიზო პოლიტიკა ოკუპირებული აფხაზეთის იმ ე.წ. მოქალაქეებისთვის შეარბილა, რომლებიც საზღვარს აფხაზეთში მდებარე რუსეთის საელჩოში აღებული რუსული პასპორტებით კვეთენ.
"ჟენევის დისკუსიებზე ჩვენი მუშაობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი, ევროკავშირის სავიზო პოლიტიკის განხილვის გაგრძელება იქნება. აშშ-მ აფხაზეთის მოქალაქეებისთვის უკვე ყველა შეზღუდვა მოხსნა, რომლებიც საზღვარზე რუსული პასპორტებით გადაადგილდებიან. თუმცა ევროკავშირის ქვეყნებთან: გერმანიასთან, საფრანგეთთან, იტალიასთან და ბელგიასთან ძალიან დიდ პრობლემებს ვაწყდებით. დოკუმენტების ცნობის საკითხი ბრიუსელშიც განიხილება", - განაცხადა ჩირიკბამ.
მისივე თქმით ივნისში, ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე გაცემული არაღიარებული დოკუმენტების პრობლემის გადასაჭრელად ჟენევაში საინფორმაციო სესია ჩატარდება.
"ამ საკითხების გადასაწყვეტად არსებობს საერთაშორისო გამოცდილება სამხრეთ კვიპროსის და ტაივანის სახით. ჩვენ, ჩვენი მოქალაქეების უფლებების დაცვას გავაგრძელებთ. აქ მთავარია ამ საკითხის გადაწყვეტით თანათავმჯდომარეები დაინტერესდნენ. ამ მიმართულებით წარმატება შესაძლებელია", - განაცხადა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა.
შეგახსენებთ, რომ ჟენევის დისკუსიების 31-ე რაუნდი 17-18 მარტს ჩატარდება.