საქართველოს პრეზიდენტი აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დღეს აზებაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრს ელმარ მამედიაროვს შეხვდა. შეხვედრისას მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული კეთილმეზობლური ურთიერთობა და სტრატეგიული თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. ხაზგასმით აღინიშნა საქართველო-აზერბაიჯანის პოლიტიკური, ეკონომიკურ-კულტურული, სავაჭრო ურთიერთობებისა და ენერგეტიკული თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობა. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო რეგიონალური უსაფრთხოებისა და ენერგოუსაფრთხოების საკითხებს. საუბარი შეეხო ასევე იმ კონკრეტულ პროექტებს, რომლებსაც საქართველო და აზერბაიჯანი ერთობლივად ახორციელებენ. კერძოდ, საუბარი შეეხო ეკონომიკურ, ენერგეტიკულ და სატრანსპორტო სფეროებში მიმდინარე პროექტებს, მათ შორის, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენსა და ბაქო-თბილისი-ერზერუმის გაზსადენს. მხარეები საუბრისას პარტნიორული ურთიერთობის შემდგომი განვითარების პერსპექტივებსაც შეეხნენ და აღნიშნეს, რომ გამოცდილების გაზიარება პოლიტიკური, ეკონომიკური და ჰუმანიტარული მიმართულებით, ორივე ქვეყნისთვის სასარგებლო იქნება.

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, საქართველოს ელჩი აზერბაიჯანში, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი და პრეზიდენტის მრჩეველი დაესწრნენ.