"ნატო-ს საწვრთნელი ცენტრი არ წარმოადგენს ალიანსის ინფრასტრუქტურას"

ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელის უილიამ ლაჰიუს განცხადებით, ალიანსის საწვრთნელი ცენტრი, რომელიც საქართველოში 2015 წლის ბოლოს ამოქმედდება, ალიანსის ინფრასტრუქტურას არ წარმოადგენს.

"ნატო ალიანსში არავის ითრევს. მთავრობები მოგვმართავენ თხოვნით, რომ სურთ ნატო-ში გაწევრიანება. ყველა ქვეყანა თავად აკეთებს არჩევანს. ე.წ. ინფრასტრუქტურა, რომელიც საქართველოში არსებობს, ქართველ ხალხს და საქართველოს მთავრობას ეკუთვნის და არ წარმოადგენს ნატო-ს ინფრასტრუქტურას. რაც შეეხება საწვრთნელ ცენტრს, ისიც ერთობლივი იქნება და მისი მფლობელი ქართული მხარეა. ძირითადად, მის ფუნქციონირებას ქართველები გაუწევენ კურირებას ალიანსის წვრთნების დახმარებით. ასე რომ, ეს იქნება ერთობლივი ცენტრი, სადაც ნატო-ს მრჩეველთა ჯგუფი იმუშავებს ქართველ კოლეგებთან ერთად. ახლა განხილვის ეტაპზეა სწორედ, ამ ცენტრის ფუნცქიონირების საკითხი",-განაცხადა უილიამ ლაჰიუმ სამეკავშირეო ოფისში, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ. 

ცნობისათვის, რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში პრემიერის სპეციალურმა წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ დღეს განაცხადა, რომ ნატო-საქართველოს ურთიერთობები არანაირად არ არის მიმართული იმ მიზნისკენ, რომ საქართველოში ნატო-ს სამხედრო ინფრასტრუქტურა განთავსდეს.