ვაზაგაშვილების ოჯახის ადვოკატი გაგი მოსიაშვილი ბრალდებულ სოსანაშვილის ოჯახის წევრების განცხადებას დნმ-ის ანალიზთან დაკავშირებით არ ეთანხმება.
როგორც ადვოკატი აცხადებს, შემთხვევის ადგილზე ამოღებული საკვლევი ობიექტი დაზარალებულის ადვოკატებთან ერთად დაილუქა და გადატანილი იქნა შესაბამის საექსპერტო დაწესებულებაში, სადაც მისი გახსნა მოხდა.
"შემთხვევის ადგილზე ამოღებული საკვლევი ობიექტი მეორე დღეს უკვე გადატანილი იყო საექსპერტო ბიუროში, სადაც აღმოჩნდა კონკრეტული პირის დნმ. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მიაკვლია კონკრეტულ პიროვნებას, ვისაც დღეს ბრალი აქვს წარდგენილი", - განაცხადა ადვოკატმა.
ამასთან, გაგი მოსიაშვილის თქმით, ისინი საექსპერტო კვლევის წარმოების პროცესში ჩართულები იყვნენ. გარდა ამისა, გაგი მოსიაშვილის განცხადებით, საქმეში გარდა დნმ-ის სინჯისა, სხვა მტკიცებულებებიც არსებობს.
იური ვაზაგაშვილის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული გია სოსანაშვილის ოჯახი ეჭვქვეშ აყენებს საქმეში არსებულ დნმ-ის ანალიზს და დამოუკიდებელი ექსპერტიზის ჩატარებას გეგმავს. ოჯახის წევრები მიიჩნევენ, რომ დნმ-ი გაყალბებულია.