2015 წლის იანვარში ქვეყანაში რეგისტრირებული ბიზნესსუბიექტების რაოდენობამ 3 385 ერთეული შეადგინა, რომელთა შორის 96.7% სამეწარმეო სუბიექტია.
იანვარში ბიზნესსუბიექტების კლება დაფიქსირდა როგორც წინა წლის იმავე თვესთან (12.8%-ით), ისე წინა თვესთან (15.6%-ით) შედარებით. საჯარო რეესტრის განმარტებით, მსგავსი კლება უჩვეულო არაა, რადგან სეზონურად იანვრის თვე ბიზნესის რეგისტრაციის ასპექტით მინიმალური აქტიურობით გამოირჩევა.
კერძოდ, 2015 წლის იანვრის თვეში წინა წლის იმავე თვესთან შედარებით რეგისტრირებული სამეწარმეო სუბიექტების რაოდენობა 13%-ით, ხოლო არასამეწარმეო სუბიექტების რაოდენობა 5.1%-ით შემცირდა. მსგავსი ტენდენცია დაფიქსირდა წინა თვესთან შედარებითაც: იანვრის თვეში რეგისტრირებული სამეწარმეო სუბიექტების რაოდენობა 15%-ით, ხოლო არასამეწარმეო სუბიექტების რაოდენობა 28.8%-ით შემცირდა.
ბიზნეს სუბიექტთა უმეტესობა დარეგისტრირდა ინდივიდუალური მეწარმის (1 823 ერთეული, ანუ რეგისტრირებულ ბიზნეს სუბიექტთა 53.9%) და შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების (1 395 ერთეული, ანუ რეგისტრირებულ ბიზნეს სუბიექტთა 41.2%) სახით. როგორც ჩანს, ბიზნეს სუბიექტთა 95.1% მხოლოდ აღნიშნულ სამართლებრივ სტატუსებს ანიჭებს უპირატესობას.
ნიშნავს თუ არა სამეწარმეო სუბიექტების შემცირება ბიზნესაქტივობის შემცირებას? განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ლარი ნოემბრიდან უფასურდება, ექსპორტი და ფულადი გზავნილები შემცირდა და ამასთან, მეზობელ ქვეყნებში ეკონომიკური სიტუაცია წინსვლისთვის სერიოზული ბარიერებს ქმნის?
აგრარული და თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლის დეკანი, გიგა ბედინეიშვილი აღნიშნავს, რომ კომპანიების რეგისტრაციის რაოდენობას წინმსწრებ ინდიკატორს ეძახიან.
მისი თქმით, ეკონომიკურ მდგომარეობას აქვს წინმსწრები და პოსტფაქტუმ ინდიკატორები და ისეთი რაღაცეები როგორიცაა მომხმარებლის ნდობა, რომელიც წინმსწრები ინდიკატორია და მათ შორის, ერთ-ერთი წინმსწრები ინდიკატორი არის კომპანიების რეგისტრაციის რაოდენობა და თუ ამაში უარყოფითი დინამიკაა, ცუდია.
მეორე მხრივ, ბედინეიშვილი აღნიშნავს, რომ ბიზნესსუბიექტების რეგისტრაციის შემცირებით ძალიან გაკვირვებული არაა, რადგან, სამწუხაროდ, არც გარე ფაქტორებია დადებითი და ხელისფულების ეკონომიკურ პოლიტიკასაც ვერ დავარქმევთ ბიზნესის ხელშემწყობს.
კონკრეტულად მისივე თქმით, სახელმწიფოს მიერ ყველა ინტერვენცია და ეკონომიკური პოლიტიკის სფეროში მიღებული გადაწყვეტილება ბიზნესს ხელს უშლის.
მაგალითად, ბედინეიშვილის განცხადებით, შეზღუდვები მიწის ყიდვა-გაყიდვაზე, ვიზების რეგულაციების გამკაცრება, შრომის კოდექსის გამკაცრება. ასევე ზოგადად როდესაც ბიუჯეტი ცუდად სრულდება, ეს მისი თქმით, ნიშნავს იმას, რომ საგადასახადო კიდევ უფრო აგრესიულია, იმიტომ რომ სხვა გზა არ აქვს, ნელი ეკონომიკიდან გადასახადები უნდა ამოიღოს. ეს კი ძნელია და ამიტომ საგადასახადოს უწევს, საკმაოდ აგრესიული პოლიტიკის დაწყება, რაც ასევე უშლის ხელს ბიზნესს.
„ზოგჯერ ვფიქრობ დადებითი ზომა ეკონომიკაში რა არის და ვერ ვიხსენებ",- აღნიშნავს ბედინეიშვილი და აცხადებს, რომ მთავრობა რასაც აკეთებს ყველაფერი პირიქით უნდა გააკეთოს - რეგულაციები უნდა შეამციროს და შეამსუბუქოს, გადასახადები უნდა შეამციროს, აქციზი კი არ უნდა ასწიოს, არამედ უნდა დაწიოს, შრომის კოდექსი კი არ უდნა გაამკაცროს, არამედ უნდა შეამსუბუქოს, ვიზებზე დაბრკოლებები კი არ უნდა შექმნას, არამედ პირიქით უნდა შეამციროს. შესაბამისად, კი ბიზნესზე წნეხი შემცირდება", - დასძენს ის. ბედინეიშვილი ასევე აღნიშნავს, რომ თუ მთავრობა ამ სიგნალებს გაუშვებს, არ შეიძლება ბიზნესმა ამას დადებითად არ უპასუხოს.
მისივე თქმით, რასაკვირველია სამართლიანობა მოითხოვს, რომ ვთქვათ, რომ ეკონომიკის შენელებას მხოლოდ მთავრობას ვერ დავაბრალებთ, მეზობელ ქვეყნებში ვალუტის დევალვაციები ექსპორტზე ცუდად მოქმედებს, მაგრამ ფაქტია, რომ ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკაც ვერანაირად ბიზნესის ხეკლშემწყობად ვერ ჩაითვლება.
განსხვავაებული პოზიცია აქვს ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ვიცეპრეზიდენს, შოთა გულბანს და ის ამაში საგანგაშოს ვერაფერს, ხედავს. კერძოდ, გულბანის განცხადებით, ეს არავითარ შემთხვევაში არ არის იმის წინაპირობა, რომ ბიზნესის აქტივობამ და ეკონომიკურმა აქტივობამ იკლოს.
ამ შემთხვევაში მე გავიხსენებდი წინა წლების პერიოდს, როდესაც საქართველო ბიზნესის რეგისტრაციის სიმარტივით მსოფლიოში იყო პირველ ადგილზე, აცხადებს ის და ამასთან აღნიშნავს, რომ ბიზნესის რეგისტრაცია რომ მარტივია, ეს ავტომატურად არ ნიშნავს იმას, რომ ბიზნესი წარმატებული იქნება.
მისივე თქმით, მცირე ბიზნესმენებს გამოუმუშავდათ ალღოს უნარი და ტყუილად არ არეგისტრირებენსაკუთარ ბიზნესს. ამიტომ, არაფერს ნიშნავს, ის რომ ბიზნესის რეგისტრაცია რაღაც კომპონენტში ციფრებში შემცირდა, მთავარი ისაა, რომ ეკონომიკური გამოჯანსაღების პროცესია დაწყებული.
თუმცა, მისივე თქმით, თუ მეზობელ ქვეყნებში სიტუაცია არ დასტაბილურდა, არ უნდა ველოდოთ რაიმე ტიპის აქტივობას, ხოლო დასტაბილურების შემთხვევაში, რუსეთთანაც და უკრაინასთანაც აღდგება ვაჭრობა. ამ ფონზე კი რეგისტრაციის შემცირება, აქტივობის შემცირებას არ გულისხმობს, აღნიშნავს გულბანი.
მისივე თქმით, ისინი პირიქით ელოდებიან, აქტივობის ზრდას, რადგან ბიზნეს სუბიექტები გასააქტიურებელი არიან ევროკავშირის ბაზრის მიმართულებით და ტენდენციაც არის ასეთი - დსთ-ს მიმართულებით ექსპორტი მცირდება, ევროკავშირის მიმართულებით კი იზრდება.
გულბანი აღნიშნავს, რომ ჩვენ მაქსიმალური ორიექნტაცია გვაქვს DCFTA-ს ხელშეკრულების იმპლემენტაციაზე, არჩევანი გაკეთებული გვაქვს და მთელი ძალისხმევა აქეთ არის მიმართული - მთელი საქართველო გადაეწყო იმ რეალობაზე, რომ ამ ხელშეკრულების მიხედვით უნდა იხელმძღვანელონ. ეს კი მისივე განმარტებით, ნიშნავს იმას, რომ უნდა განვავითაროთ წარმოება, ჩვენი პროდუქცია კონკურენტუნარიანი უნდა გავხადოთ. ეს კი თავისთავად ნიშნავს იმას, რომ ბიზნეს აქტივობა პირიქით უნდა გამოცოცხლდეს და არა შენელდეს.
მისივე თქმით, არის სხვადასხვა ინიციატივები, მაგალითად ექსპორტის განვითარების სააგენტო შეიქმნა, რომელიც კომპანიებს ევროკავშირის ბაზარზე ბრენდინგსა და მარკეტინგში დაეხმარება.
ამასთან, გულბანი აღნიშნავს, რომ ლარის დევალვაციამ საკმაოდ დიდი ზარალი მიაყენა გარკვეულ ჯგუფებს, მაგრამ საბოლოო ჯამში საერთო სურათი რომ ავიღოთ, თუ არ გართულდა ჩვენს მეზობელ ქვეყნებში სიტუაცია, რაზეც ჩვენი ეკონომიკა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული, ჩვენი სიტუაციაც კარგად წავა.
მისივე თქმით, მეწარმეობის ხელშეწყობისთვის მიმართულია ბიუჯეტიდან თანხები, მაგრამ მაშინ როდესაც ქვეყნის 90% ღარიბია ამ ფონზე, რთულია მოახერხო ის, რომ სოციალურად ორიენტირებული არ იყო. ზოგადად სოციალურად ორიენტირებული ბიუჯეტი გულისმხობს იმას, რომ ბევრი ხარჯი გაიწევა ისეთ სფეროებზე, საიდანაც ეკონომიკური სარგებელი გრძელვადიანი პერსპექტივაში არ გექნება, - განმარტავს გულბანი.
მისივე თქმით, ევროკავშირის ბაზარზე ორიენტაცოა იქნება წინაპირობა იმის, რომ რეგისტრაციაც გაიზრდება, ჩვენი პოტენციალიც გაიზრდება საქონელი და მომსახურების წარმოების მიმართულებით, სოფლის მეურნეობიაც გაიზრდება და ბევრი მიმართულებით შეგვიძლია კარგი შედეგი ვაჩვენოთ.