უკრაინამ პრორუსი ლიდერების მიერ კონტროლირებად ტერიტორიებს გაზის მიწოდება შეუწყვიტა. ამის შესახებ უკრაინული მედიის ცნობით, დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ სახალხო რესპუბლიკების წარმომადგენლები აცხადებენ.
"18 თებერვალს, 13:00 საათზე სოფელ არტიომასთან უკრაინულმა მხარემ მაგისტრალური გაზსადენის მთავარი მილსადენები გადაკეტა", - განაცხადა ლუგანსკის ე.წ სახალხო რესპუბლიკის გაზსადენების მთავარმა ინჟინერმა, ვადიმ ტუპოვომ.
გაზის მიწოდების შეჩერების შედეგად, ლუგანსკის ოლქის მოსახლეობას ბუნებრივი აირის მხოლოდ ერთი დღის მარაგი აქვს. მსგავს განცხადებას აკეთებს დონეცკის ე.წ სახალხო რესპუბლიკის ერთ-ერთი ლიდერი, ანდრეი პურგინიც. მისი თქმით, კიევის მიერ გაზის მიწოდების შეწყვეტის გამო დონეცკის მოსახლეობა უკვე რუსული ბუნებრივი აირის მოხმარებაზე გადავიდა.
გასული წლის დეკემბერში უკრაინის მთავრობაში განაცხადეს, რომ დონბასის ელექტროენერგიითა და გაზით მომარაგება კიევს მილიარდ დოლარზე მეტი უჯდება, დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ სახალხო რეპუბლიკები კი აღნიშნულ საფასურს არ იხდიან.