ტრაბახის გარდა, ფინანსთა მინისტრისგან და პრემიერისგან მწყობრი გეგმა ვერ მოვისმინეთ

ტრაბახის გარდა, ფინანსთა მინისტრისგან და პრემიერისგან მწყობრი გეგმა ვერ მოვისმინეთ

საპარლამენტო უმცირესობა ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებთან დაკავშირებით ხელისუფლებას მეტი აქტიურობისკენ მოუწოდებს.

როგორც უმცირესობის წევრმა მიხეილ მაჭავარიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ქვეყანაში ინვესტიციები და ექსპორტი შემცირებულია, ხოლო გამოსავალზე ხელისუფლებიდან არავინ საუბრობს.

,,ჩვენი გაფრთხილების მიუხედავად, რომ მთავრობას საქართველოს ეკონომიკისთვის მეტი ყურადღება მიექცია, ლარი ვარდნას განაგრძობს. ბოლო დღეებში მას ვერ უშველა ვერც ეროვნული ბანკის ქმედებებმა მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების შესახებ. ეს ჩვენი თანამოქალაქეების გაღარიბებას, პროდუქტების გაძვირებას და ყველა იმ პრობლემას ნიშნავს, რასაც მოქალაქეები აწყდებიან. ბოლო თვეების მანძილზე, ექსპორტი 30 პროცენტით შემცირდა, შემცირდა გადმორიცხვებიც. შემცირებულია ინვესტიცია. მიუხედავად იმისა, რომ მთავრობა ირწმუნება, რომ ინვესტიცია გაზრდილია, სად არის ეს თანხა? ტრაბახისა და არაკომპეტენტური განცხადებების გარდა, ფინანსთა მინისტრისგან და პრემიერისგან მწყობრი გეგმა ვერ მოვისმინეთ როგორ გამოვიდეთ ამ მდგომარეობიდან. ეს გეგმა კი ჩვენ გვაქვს. საშემოსავლო გადასახადის შემცირება 20-დან 15 პროცენტამდე. მთავრობაში რას ამბობენ მთავარი არ არის", - განაცხადა მიხეილ მაჭავარიანმა ჟურნალისტებთან საუბარში.