ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის პროექტმა სტაბილურობა და სიმშვიდე უნდა მოიტანოს

ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის პროექტმა სტაბილურობა და სიმშვიდე უნდა მოიტანოს

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის ელმარ მამედიაროვის განცხადებით, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა ეკონომიკური განვითარების მაღალ კოეფიციენტს შექმნის. ამის შესახებ საქართველოში ვიზიტად მყოფმა ელმარ მამედიაროვმა ქართველ კოლეგა თამარ ბერუჩაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ენერგეტიკული საკითხების გარდა საქართველოსთან არსებობს სხვადასხვა სახის პროექტები და პირველ რიგში ასეთად მან ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა დაასახელა, რომლის ექსპლუატაციაც, წელს მოხდება.

"ეს არის გეოსტრატეგიული მასშტაბის პროექტი, რომლის საშუალებით აზია და ევროპა უერთდება ერთმანეთს. ჩვენ გვჯერა, რომ ეს პროექტი დააინტერესებს შუააზიის ქვეყნებს, ავღანეთს. ვფიქრობ, ამ პროექტმა უნდა მოიტანოს სტაბილურობა და სიმშვიდე", - განაცხადა ელმარ მამედიაროვმა.

მისივე თქმით, ე.წ. გაყინული კონფლიქტები ხელის შემშლელია ზოგადად როგორც საქართველოსთვის, ასევე აზერბაიჯანისთვის.

"აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ყარაბაღის კონფლიქტი არა მხოლოდ აზერბაიჯანს, არამედ სომხეთსაც გამოუვალ მდგომარეობაში აყენებს, რადგან სომხეთი ამ თამაშიდან გადის და ამ პროექტებში ვერ ერთვება. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ასეთი პროექტებით შეგვიძლია გავლენა მოვახდინოთ კონფლიქტებზე. რა თქმა უნდა, სომხეთი შეიძლება ჩაერთოს ამ პროექტში. ჩვენ გვჯერა, რომ ადრე თუ გვიან, სომხეთის მთავრობა იფიქრებს ამაზე და ისინიც ისეთივე ფართო მასშტაბით ჩაერთვებიან ამ პროექტებში, როგორც საქართველო და ჩვენ ვართ", - განაცხადა ელმარ მამედიაროვმა.

მისივე თქმით, 2018-2019 წლებისთვის აზერბაიჯანული ბუნებრივი გაზი ევროპულ ბაზარზე გავა და ამ თვალსაზრისით აზერბაიჯანიც და საქართველოც მჭიდროდ თანამშრომლობენ.

როგორც აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, საქართველო და აზერბაიჯანი საეთაშორისო ორგანიზაციებში ძალიან ფართო მასშტაბით მიიწევენ წინ და საერთაშორისო ასპარეზზეც აზერბაიჯანი და საქართველო ერთი პოზიციიდან გამოდიან.

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი, ელმარ მამედიაროვი საქართველოში დღეს ჩამოვიდა. ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში ის შეხვდება საქართველოს პრეზიდენტს და პრემიერ-მინისტრს.