აფხაზური დელეგაციის თურქეთში ვიზიტი არ არის ის საფრთხე, რის გამოც მე უნდა ვინერვიულო, - ასე უპასუხა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, პაატა ზაქარეიშვილმა ჟურნალისტების მიერ დასმულ შეკითხვას.
როგორც სახელმწიფო მინისტრმა მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ განმარტა, თურქეთი სანდო სახელმწიფოა და საქართველოს ინტერესების საზიანო ნაბიჯებს არ გადადგამს.
"არანაირი ოფიციალური მიღებები იქ არ ხდება. თურქეთი არის ჩვენი მეგობარი სახელმწიფო და არასდროს გადადგამს საქართველოს საწინააღმდეგო ნაბიჯებს. როგორ გგონიათ, ის რაიმეს აფხაზებისთვის სასარგებლოდ გააკეთებს და საქართველოსთან დაპირისპირება ექნება? ეს გამორიცხულია. ბაღაფში იყო სააკაშვილის დროს ჩასული თურქეთში, მაგრამ ამით არაფერი მომხდარა. თურქეთი არის ძალიან სანდო სახელმწიფო და არასდროს გადალახავს ზღვარს. მან კარგად იცის, სად არის კერძო პირი და სად – ოფიციალური სიტუაცია. ამ ხალხის ჩასვლა იქ ყოველთვის ხდება, როგორც კერძო პირების. თქვენი ნებაა, თუ გნებავთ დაუჯერეთ აფხაზური მხარის, აფხაზების პროპაგანდას, მე არ გიკრძალავთ, მაგრამ ეს არ არის ის საფრთხე, რის გამოც მაგალითად, მე უნდა ვინერვიულო. თქვენ გაქვთ უფლება ინერვიულოთ, ღმერთმა შეგარგოთ", - მიმართა ზაქარეიშვილმა ჟურნალისტებს.
სახელმწიფო მინისტრის ინფორმაციით, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. დელეგაციების თურქეთში ვიზიტი "ადრე უფრო მეტი სიხშირით ხორციელდებოდა".
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი, ვიაჩესლავ ჩირიკბა თურქეთში იმყოფებოდა, სადაც შეხვედრები გამართა თურქეთის მმართველი პარტიის "სამართლიანობა და განვითარების" თავმჯდომარის მოადგილესთან, ასევე ჯანდაცვის, ეკონომიკის, სამრეწველო სექტორის წარმომადგენლებთან, ბიზნესმენებთან და ანკარის დიდი რაიონის გიოლბაშის მერთან.