"თავისუფალი დემოკრატები": ქვეყნის ევრო-ატლანტიკურ კურსს აშკარა და რეალური საფრთხე ექმნება

ჩვენი ქვეყნის ევრო-ატლანტიკურ კურსს აშკარა და რეალური საფრთხე ექმნება, - ამის შესახებ დღეს განცხადება "თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთმა ლიდერმა ალექსი პეტრიაშვილმა გააკეთა, რომელიც აღნიშნული საფრთის დასტურად პრემიერ-მინისტრის წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძის განცხადებას ასახელებს.

"დღეს, ბიძინა ივანიშვილის პირადმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში, ზურა აბაშიძემ გააკეთა საგანგაშო განცხადება, რომლის თანახმადაც "ნატოს-თან თანამშრომლობა არანაირად არ არის მიმართული იმ მიზნისკენ, რომ საქართველოში განთავსდეს ნატო-ს სამხედრო ინფრასტრუქტურა და რომ ასეთი გეგმა ბუნებაში არ არსებობს და დღეს და ხვალ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება დღის წესრიგში არ დგას", მაშინ როდესაც მიმდინარე წლის ბოლოს იმართება ნატოს მინისტერიალი და მომდევნო წელს ნატოს სამიტი, ეს განცხადება არის ღია დადასტურება იმ ფაქტის, რომ ჩვენი ქვეყნის ევრო-ატლანტიკურ კურსს ექმნება აშკარა და რეალური საფრთხე, რაზედაც "თავისუფალი დემოკრატები" დიდი ხანია მივუთითებთ. რადგან, ნატოს უელისის სამიტზე მიღებული არსებითი პაკეტი სწორედ ის გეგმაა, რომელიც ითავლისწინებს ნატოს ინფრასტრუქტურის განთავსებას საქართველოში და ქვეყნის საბოლოო მიზნის, ნატოში გაწევრიანების ხელშეწყობას. უელსის სამიტის ჩათვლით, ჩვენი ყველა ქმედება იყო მიმართული საქართველოს ნატოში გაწევრიანებისაკენ, რაც ბუნებრივია ასევე არის ალიანსის მყარი გადაწყვეტილება. საინტერესოა, რომ ზურაბ აბაშიძის დღევანდელი განცხადება დროში დაემთხვა კრიზისების მართვის საბჭოს გუშინდელ სხდომას, რუსეთს საგარეო საქმეთა მინისტრის ლავროვის განცხადებას და აბაშიძე კარასინის თებერვლის ბოლოს დაგეგმილ შეხვედრას, რითაც გამოაშკარავდა ამ შეხვედრის რეალური დღის წესრიგი", - განაცხადა პეტრიაშვილმა.

"თავისუფალი დემოკრატები" მიმართავენ საქართველოს პრეზიდენტს, როგორც სახელმწიფოს მეთაურს, გააკეთოს საჯარო განცხადება და აღნიშნულთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია დააფიქსიროს, ასევე მიმართავენ საგარეო და ევროატლანტიკურ სამინისტროებს, გაემიჯნონ აღნიშნულ განცხადებას და დააფიქსირონ საკუთარი ერთგულება ნატოში საქართველოს გაწევრიანებისადმი.

"მივმართავთ არასამთავრობო ორგანიზაციებს, გამოხატონ საკუთარი მოქალაქეობრივი პოზიცია და არ მისცენ უფლება მთავრობას გადაუხვიოს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური კურსიდან", - განაცხადა ალექსი პეტრიაშვილმა.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა გუშინ განაცხადა, რომ თუ ნატო საქართველოს ალიანსში "ჩათრევის" პრაქტიკულ ნაბიჯებს გადადგამს, რუსეთი ამას შესაბამისი ზომებით უპასუხებს.

რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძის საპასუხო განცხადებით კი, ნატო-საქართველოს თანამშრომლობა არანაირად არ არის მიმართული იმ მიზნისკენ, რომ საქართველოში ნატო-ს სამხედრო ინფრასტრუქტურა განთავსდეს.

როგორც აბაშიძემ ჟურნალისტებს მთავრობის დღევანდელი სხდომის დაწყებამდე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის განცხადების კომენტირებისას განუცხადა, ასეთი გეგმა ბუნებაში არ არსებობს და ბრიუსელში, მოსკოვსა და თბილსშიც კარგად იციან, რომ დღეს და ხვალ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება დღის წესრიგში არ დგას.