ე.წ. „ბანკომატების“ საქმეში ბრალდებული მთაწმინდის ყოფილი გამგებლის მეუღლეს უამრავ საეჭვო ტენდერსა და თანხების გადარიცხვაში ამხელენ. როგორც გაზეთი „ახალი თაობა“ წერს, ნატალია ტლაშაძის სამკერვალო წლების მანძილზე სამთავრობო უწყებებსა და „ნაციონალურ მოძრაობას“ ემსახურებოდა და ბევრ საეჭვო ტენდერში მონაწილეობდა.
„ნატალია ტლაშაძეს ალბათ, არ ახსოვს, რომ მისი სამკერვალო წლების განმავლობაში ემსახურებოდა სამთავრობო უწყებებსა და „ნაციონალურ მოძრაობას“, უამრავი საეჭვო ტენდერი და უამრავი თანხები აქვს გადარიცხული. კონკრეტულ ფაქტებს რაც შეეხება: შპს „უნისტილი“ აქტიურად მონაწილეობს და იმარჯვებს სახელმწიფო ორგანიზაციების მიერ გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერებში: ქ.თბილისის მერიასთან; საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიასთან; საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოსთან; სსიპ „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოსთან“; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან; საქართველოს შსს აკადემიასთან; შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასთან“; საქართველოს ეროვნული ბანკთან - ჯამში შპს „უნისტილი“ გამარჯვებულად გამოცხადდა სახელმწიფო ორგანოების მიერ გამოცხადებულ 13 ელექტრონულ ტენდერში, საერთო თანხით 487 780 ლარი. შპს „უნისტილმა“ მოქალაქეთა პოლიტიკურ გაერთიანებას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" 2012 წელს მიაწოდა 497 400 ლარის ღირებულების სარეკლამო ბანერი, კეპები და მაისურები. შესწავლილი მონაცემების მიხედვით, პროდუქცია იმავე პერიოდში მიწოდებულია ნახევარ ფასად სხვა კონტრაგენტებთან შედარებით“, - წერს „ახალი თაობა“.
მთაწმინდის რაიონის გამგებლის ყოფილი მოადგილის მეუღლეს ნატალია ტლაშაძეს 2013 წლის 29 ივნისს ბრალი განსაკუთრებით დიდი ოდენობის თანხების მითვისება-გაფლანგვის გამო წაუყენეს.