ზურაბ აბაშიძე - ნატო-საქართველოს თანამშრომლობა არ არის მიმართული იმ მიზნისკენ, რომ საქართველოში ნატო-ს სამხედრო ინფრასტრუქტურა განთავსდეს

ზურაბ აბაშიძე - ნატო-საქართველოს თანამშრომლობა არ არის მიმართული იმ მიზნისკენ, რომ საქართველოში ნატო-ს სამხედრო ინფრასტრუქტურა განთავსდეს

რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძის განცხადებით, ნატო-საქართველოს თანამშრომლობა არანაირად არ არის მიმართული იმ მიზნისკენ, რომ საქართველოში ნატო-ს სამხედრო ინფრასტრუქტურა განთავსდეს. 

როგორც აბაშიძემ ჟურნალისტებს მთავრობის დღევანდელი სხდომის დაწყებამდე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის განცხადების კომენტირებისას განუცხადა, ასეთი გეგმა ბუნებაში არ არსებობს და ბრიუსელში, მოსკოვსა და თბილსშიც კარგად იციან, რომ დღეს და ხვალ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება დღის წესრიგში არ დგას.

"მოგეხსენებათ, საქართველო დამოუკიდებელი ქვეყანაა, ამიტომ აქვს სრული უფლება, ითანამშრომლოს ნებისმიერ საერთაშორისო ორგანიზაციასთან, მათ შორის ნატო-სთან, რომელიც გახლავთ მეტად ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაცია. ეს თანამშრომლობა არანაირად არ არის მიმართული იმ მიზნისკენ, რომ საქართველოში განთავსდეს ნატო-ს სამხედრო ინფრასტრუქტურა. ასეთი გეგმა ბუნებაში არ არსებობს. საქართველო საერთოდ არ გადადგამს ისეთ ნაბიჯს, რომელიც ზიანს მიაყენებს რეგიონულ უსაფრთხოებას. რეგიონულ უსაფრთხოებას, საქართველოს უსაფრთხოებას, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრინციპს უპირველესად საფრთხეს უქმნის აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაცია, რუსეთის სამხედრო ჯარების, სამხედრო ინფრასტრუქტურის განლაგება", - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ. 

მისივე თქმით, უკრაინაში დრამატული მოვლენების დაწყებამდე პროგრამის "პარტნიორობა მშვიდობისათვის" ფარგლებში რუსეთი საკმაოდ აქტიურად თანამშრომლობდა ნატო-სთან. 
ამასთან, ზურაბ აბაშიძე, რომელიც თვის ბოლოს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს გრიგორი კარასინს შეხვდება, აცხადებს, რომ ლავროვის განცხადება ამ დიალოგის თემა არ იქნება, ვინაიდან მესამე ქვეყნებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობების საკითხები ამ ფორმატის დღის წესრიგით გათვალისწინებული არ არის. 

"ჩვენ ამ თემაზე ამ ფორმატში არასდროს ვსაუბრობთ. მას თუ სურს, შეუძლია, გააკეთოს განცხადება", - აღნიშნა აბაშიძემ.
 

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა ე.წ სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა დე ფაქტო მინისტრთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე გუშინ განაცხადა, რომ თუ ნატო საქართველოს ალიანსში "ჩათრევის" პრაქტიკულ ნაბიჯებს გადადგამს, რუსეთი ამას შესაბამისი ზომებით უპასუხებს. 

"ჩვენ განვიხილეთ თანამშრომლობის საკითხები, მათ შორის კავკასიის რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობისათვის რუსეთისა და სამხრეთ ოსეთის ჟენევის დისკუსიებში მონაწილეობის საკითხი. ამასთან, ჩვენ კიდევ ერთხელ დავადასტურეთ, რომ საჭიროა, სავალდებულოდ შესასრულებელი დოკუმენტის გაფორმება ძალის არგამოყენებასთან დაკავშირებით, რაც 2008 წლის მოვლენების გამეორებას თავიდან აგვაცილებს" - განაცხადა ლავროვმა. 
მისივე თქმით, აღნიშნული საკითხი განსაკუთრებით აქტუალურია ნატო-ს მიერ თბილისის "ჩათრევის" მცდელობის ფონზე.