ვიაჩესლავ ჩირიკბამ თურქეთში ე.წ. აფხაზური პასპორტების აღიარების საკითხი დააყენა

ვიაჩესლავ ჩირიკბამ თურქეთში ე.წ. აფხაზური პასპორტების აღიარების საკითხი დააყენა

ე.წ. საგარეო უწყების ინფორმაციით, ვიაჩესლავ ჩირიკბამ აღნიშნული თემა თურქეთის მმართველი პარტიის "სამართლიანობა და განვითარების" თავმჯდომარის მოადგილესთან იასინ აკტაემთან შეხვედრაზე განიხილა.

პარტიის თავმჯდომარის მოადგილე ამავე დროს საერთაშორისო ურთიერთობებზეა პასუხისმგებელი. შეხვედრას თურქეთის პარლამენტის დეპუტატი მუჰეთთინ აკსაკიც ესწრებოდა. ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სმინისტროს ინფორმაციით, ვიაჩესლავ ჩირიკბამ შეხვედრაზე თურქეთის მიერ ე.წ. აფხაზური პასპორტების ცნობისა და საზღვაო მიმოსვლის გახსნის საკითხები დააყენა. თურქეთის მმართველი პარტიის თავმჯდომარის მოადგილემ კი ოკუპირებულ აფხაზეთთან ეკონომიკური და ჰუმანიტარული კავშირების დამყარებაზე დაინტერესება გამოთქვა. ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში ნათქვამია, რომ იასინ აკტაემმა მაგალითად, თურქეთის მიერ არაღიარებული ტაივანის მაგალითი მოიყვანა, რომლის წარმომადგენლობაც ანკარაში მდებარეობს. ინფორმაციაში ასევე აღნიშნულია, რომ ე.წ. აფხაზურმა დელეგაციამ ანკარაში სავაჭრო წარმომადგენლობის გახსნაზე პრინციპული თანხმობა მიიღო.

ვიაჩისლავ ჩირიკბა მმართველი პარტიის წევრებს თურქეთის პარლამენტშიც შეხვდა. ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საუბრისას თურქმა დეპუტატები აფხაზეთის პირადად გაცნობით დაინტერესდნენ. 5-დღიანი ვიზიტის ფარგლებში ვიაჩესლავ ჩირიკბას ხელმძღვანელობით აფხაზურმა ე.წ. დელეგაციამ შეხვედრები ჯანდაცვის, ეკონომიკის, სამრეწველო სექტორის წარმომადგენლებთან, ბიზნესმენებთან და ასევე ანკარის დიდი რაიონის გიოლბაშის მერთან, ფათიხ დურუაისთანაც გამართეს. ჩირიკბამ და დურუაისმა ოკუპირებული აფხაზეთის ერთ-ერთ ქალაქსა და გიოლბაშის მუნიციპალიტეტს შორის პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბების შესაძლებლობაზე ისაუბრეს.