"ეს ხელშეკრულება არალეგიტიმურია და მას არანაირი სამართლებრივი ძალა არ აქვს"

საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის მიერ ცხინვალთან ე.წ. საზღვრის შესახებ ხელშეკრულების გაფორმებას გმობს. როგორც თამარ ბერუჩაშვილი აცხადებს, ეს რუსეთის მიერ ანექსიისკენ გადადგმული კიდევე ერთი ნაბიჯია.

"ეს ხელშეკრულება, ისევე როგორც ყველა სხვა არის არალეგიტიმური და ამ ხელშეკრულებას არ აღიარებს არავინ, გარდა იმ ქვეყნებისა, რომლებიც ტრადიცულად აღიარებენ ოსეთის და აფხაზეთის დამოუკიდებლობას. ეს ხელშეკრულება არის არალეგიტიმური და მას არანაირი სამართლებრივი ძალა არ აქვს",-განაცხადა ბერუჩაშვილმა.

მისივე თქმით, საქართველო აღნიშნულ ფაქტს აქტიურ დიპლომატიურ პოლიტიკას უპირისპირებს. ბერუჩაშვილის განცხადებით, საქართველოს ამოცანაა, ეს კონფლიქტი მშვიდობიანი გზით მოაგვაროს.

"ჩვენ ამ ყველაფერს ვუპირისპირებთ აქტიურ დიპლომატიურ ნაბიჯებს საერთაშორისო ფორმატებში ორმხრივ და მრავალმმხრივ ფორმატებში. ჩვენი ინსტრუმენტი არის საერთაშორისო თანამეგობრობის მობილიზაცია ამ თემის გარშემო. ერთის მხრივ არაღიარების პოლიტიკა და მეორეს მხრივ თანამშრომლობის საშუალებების შექმნა, კონფლიქტის დარეგულირების მშვიდობიანი გზა არის ჩვენი ამოცანა",-განაცხადა მინისტრმა

ცნობისთვის, რუსეთსა და ცხინვალს შორის სახელმწიფო საზღვრის შესახებ ხელშეკრულების გაფორმება დღეს არის დაგეგმილი.