"უკრაინაში იარაღის საკითხებზე შესაძლოა, კეზერაშვილისა და თემურ ალასანიას ინტერესები იკვეთებოდეს"

ექსპერტ ვახტანგ მაისაიას განცხადებით, იარაღის უკანონო ტრანზიტის სფეროში საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს დარჩა საერთაშორისო კავშირები, რომელიც მან შესაძლოა, უკრაინაში აამოქმედოს.

ნატო-ს ეგიდით მოქმედი, ტერორიზმთან ბრძოლის საერთაშორისო ჯგუფის ექსპერტი მაისაია ვარაუდობს, რომ უკრაინის პრეზიდენტის მრჩევლის რანგში „სააკაშვილმა აიღო თავის თავზე ლობისტური საკითხების მოგვარება უკრაინული იარაღის საზღვარგარეთ გატანის მიმართულებით და აქ შესაძლოა, იკვეთებოდეს ბიზნესმენის, ექსპრეზიდენტის ბიძის თემურ ალასანიას და თავდაცვის ყოფილი მინისტრის დავით კეზერაშვილის ინტერესები“.

„გამორიცხული არ არის, მიხეილ სააკაშვილმა აამოქმედოს ის სქემა, რომელიც მოქმედებდა საქართველოში  - როდესაც საქართველო იყო იარაღის სატრანზიტო ქვეყანა და ამის რეალური ფაქტებიც არსებობს. როგორც ჩანს, იარაღის უკანონო ტრანზიტის სფეროში მიხეილ სააკაშვილს დარჩა თავისი კავშირები, რომელიც მან შესაძლოა, საერთაშორისო დონეზე აამოქმედოს. ბუნებრივია, სადაც არის მიხეილ სააკაშვილი, იქ იქნებიან დავით კეზერაშვილი და თემურ ალასანია. ის ადამიანები, რომლებიც იარაღის საერთაშორისო ბიზნესში არიან ჩართულნი, უკრაინის შანსს ხელიდან არ გაუშვებენ“,-განუცხადა „პირWელს“ მაისაიამ.

მისივე თქმით, უკრაინას არანაკლები მძლავრი სამხედრო კომპლექსი გააჩნია, ვიდრე რუსეთს და ის შედიოდა ერთ-ერთ საკმაოდ განვითარებულ, იარაღის ექსპორტიორ სახელმწიფოებში.

„ახლა ომის პერიოდში, დგება არამარტო იარაღის შემოტანის, ასევე უკრაინული იარაღის გატანის დრო, რადგან შედეგად სოლიდური თანხის მიღება და ფინანსური პრობლემების მოგვარება შეიძლება. ამიტომ, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ სააკაშვილმა აიღო თავის თავზე ლობისტური საკითხების მოგვარება უკრაინული იარაღის საზღვარგარეთ გატანის მიმართულებით და აქ შეიძლება იკვეთებოდეს თემურ ალასანიას და დავით კეზერაშვილის ინტერესები“,- აღნიშნა მაისაიამ.

ცნობისათვის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სხვა საკითხებთან ერთად,  უკრაინისთვის იარაღის მიწოდების უზრუნველყოფაზეც იმუშავებს.

უკრაინის პრეზიდენტის მრჩევლად დანიშვნის შემდეგ მან განაცხადა, რომ ახლა ყველაზე მთავარი უკრაინისთვის იარაღით დახმარებაა და უახლოესი რამდენიმე დღის განმავლობაში ამ საკითხს კოორდინაციას გაუწევს.