ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ვიქტორია ნულანდი "თავისუფალ დემოკრატებთან" შეხვედრაზე განსაკუთრებით საარჩევნო სისტემის შეცვლასთან დაკავშირებული საკითხებით დაინტერესდა. ამის შესახებ შეხვედრის დასრულების შემდეგ "თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთმა ლიდერმა ალექსი პეტრიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს აინტერესებდა თუ რა ხედვები აქვს "თავისუფალ დემოკრატებს" საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით და რა შეთანხმება იყო ადრე კოალიციაში მიღწეული. პეტრიაშვილის განმარტებით, შეხვედრა საკმაოდ საინტერესო იყო.
"მიხარია, რომ ამ შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება ამერიკის მხრიდან გამახვილდა თავდაცვის სამინისტროს უკანონოდ დაკავებულ თანამშრომლებთან დაკავშირებით. შეხვედრაზე ჩვენ, ჩვენს პარტიულ გეგმებზეც ვისაუბრეთ. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ვიქტორია ნულანდი კი განსაკუთრებით დაინტერესდა საარჩევნო სისტემის შეცვლასთან დაკავშირებით. შეხვედრაზე ასევე ვისაუბრეთ რეგიონულ უსაფრთხოებაზე, ევროპულ და ევროატლანტიკურ უსაფრთხოებაზე, უკრაინაში არსებულ დაძაბულ ვითარებაზე და საქართველოს წინაშე არსებულ საფრთხეზე რუსეთის მხრიდან", - განაცხადა ალექსი პეტრიაშვილმა.
"თავისუფალი დემოკრატების" ლიდერები სასტუმრო "თბილისი მარიოტში" ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანამშემწე ვიქტორია ნულანდს შეხვდნენ.