ეშტონ კარტერმა პენტაგონის ხელმძღვანელის თანამდებობა ოფიციალურად გადაიბარა. ამ პოსტზე მან ჩაკ ჰეიგელი შეცვალა. თეთრ სახლში საზეიმო ფიცი კარტერმა ვიცე-პრეზიდენტ ჯოზეფ ბაიდენის წინაშე დადო.
ის უკვე იმყოფებოდა ახალ სამუშაო ადგილზე მეუღლესთან ერთად, რასაც კურიოზული შემთხვევაც ახლდა თან: ამერიკის თავდაცვის ახალი მინისტრის მეუღლეს სამინისტროს შესასვლელთან მოყინულ კიბეზე ფეხი დაუსხლტა და წაიქცა. ის მცირედ დაშავდა. თუმცა, როგორც პენტაგონში განაცხადეს, ყველაფერი რიგზეა.
60 წლის კარტერის კანდიდატურა აშშ-ს თავდაცვის მდივნის თანამდებობაზე ქვეყნის პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ გასული წლის ბოლოს წარადგინა. გასულ კვირას ამერიკის სენატმა თითქმის ერთხმად დაამტკიცა მისი კანდიდატურა. მის წინააღმდეგ მხოლოდ ხუთმა კანონმდებელმა მისცა ხმა.
2011-2013 წლებში კარტერი პენტაგონის ხელმძღვანელის პირველი მოადგილის პოსტს იკავებდა, ბოლო პერიოდში კი კვლევით ცენტრში მუშაობდა.