მიხეილ სააკაშვილი - პრეზიდენტმა პოროშენკომ მითხრა, რომ უცნაური შინაარსის საუბარი ჰქონდა საქართველოს პრემიერთან

მიხეილ სააკაშვილი - პრეზიდენტმა პოროშენკომ მითხრა, რომ უცნაური შინაარსის საუბარი ჰქონდა საქართველოს პრემიერთან

პრეზიდენტმა პოროშენკომ მითხრა, რომ უცნაური შინაარსის საუბარი ჰქონდა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, - ამის შესახებ ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა "რუსთავი 2"-ის გადაცემა "არჩევანისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რითაც პოროშენკოსა და ირაკლი ღარიბაშვილს შორის გამართული სატელეფონო საუბრის შინაარსთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას უპასუხა.
სააკაშვილის განმარტებით, საქართველოს მთავრობის მოქმედი თავმჯდომარე შეეცადა უკრაინის პრეზიდენტი მის წინააღმდეგ აღძრული ბრალდებების ობიექტურობაში დაერწმუნებინა და ამისთვის "ასავალ-დასავალის" "ჭორების კრებული" გამოიყენა. 

"პრეზიდენტმა პოროშენკომ მითხრა, რომ იყო უცნაური შინაარსის საუბარი საქართველოს პრემიერ-მინისტრთან. როგორც მე ვიცი, "ასავალ-დასავალმა" რა ჭორებიც დაწერა, ყველაფერი აკადრეს და მოუყვნენ ჩვენი მთავარი პარტნიორის - უკრაინის ხელმძღვანელს. ჟვანია იყო მათი საყვარელი თემა. "საქმე" არა - არსებობს უბედური შემთხვევა, რომელიც დაემართა ჩემ ყველაზე ახლო მეგობარს, ზურაბ ჟვანიას", - აღნიშნა სააკაშვილმა.

ამასთან, მან უკრაინის ხელისუფლებაში მისი დანიშვნის გამო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ უკრაინის ელჩის დაბარებაც გააკრიტიკა და განმარტა, რომ იმ ვითარებაში, როცა კიევი სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე დგას, ეს სამარცხვინო საქციელია.

"დღეს უჭირს უკრაინას და საქართველოს. ამ დღეებში ფორმდება საბოლოოდ ცხინვალის ანექსია. ჩვენ ახლა ერთმანეთს უნდა ჩავკიდოთ ხელი. არავის ახსოვს ცხინვალი, უკრაინას კი ახლა სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი უდგას. დღეს ერთადერთი, რაზეც უკრაინის ელჩს უნდა ვიბარებდეთ – ერთადერთი, არის ეს", - განაცხადა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა.