ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო მთავრობა და რუსეთი დღეს, ხელს მოაწერენ სამხრეთ ოსეთსა და რუსეთს შორის ე.წ. სახელმწიფო საზღვრის შესახებ ხელშეკრულებას.
ამის შესახებ სააგენტო "რესი" ე.წ სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა დე ფაქტო მინისტრ, დავით სანაკოევზე დაყრდნობით იუწყება.
ინფორმაციის თანახმად, სანაკოევი მომავალ კვირას თავად გეგმავს მოსკოვში ჩასვლას, სადაც არაერთ შეხვედრას გამართავს. იგი რუსეთის მთავრობის წარმომადგენლებთან რეგიონში არსებულ ვითარებას და ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებს განიხილავს.
"ეს შეეხება ნატო-ს ინტერესებს საქართველოში, რომელიც საწვრთნელი ბაზის გახსნას გეგმავს. ეს ყველაფერი კი სტაბილურობას ხელს შეუშლის. ამიტომ ჩვენ ჩვენი მხრივ უნდა მივიღოთ საჭირო ზომები, რათა ვუზრუნველყოთ უსაფრთხოება. ყველა ამ საკითხზე ჩვენ სერგეი ლავროვთან შეხვედრისას ვისაუბრებთ და შესაძლოა, გარკვეული გადაწყვეტილებებიც მივიღოთ", - განაცხადა სანაკოევმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ რუსეთი 2008 წლის შემდეგ ცდილობს სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის საერთაშორისო აღიარების მოპოვებას. თუმცა, ამაში ქართული მხარე და მისი დასავლელი პარტნიორები ხელს უშლიან. "ამ კუთხით ჩვენ ჯერჯერობით ვერ ვახერხებთ შედეგის მიღწევას, ვცდილობთ სხვადასხვა ქვეყნებთან დიპლომატიური კავშირების დამყარებას. მიუხედავად ყველაფრისა, დარწმუნებულები ვართ, რომ ჩვენ მოგვისმენენ", - აცხადებს სანაკოევი.
მსგავსი დოკუმენტი მოსკოვმა რამდენიმე თვის წინ აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობასთანაც გააფორმა.