გიორგი მარგველაშვილი დავით საგანელიძის პრეტენზიას არ ეთანხმება

გიორგი მარგველაშვილი დავით საგანელიძის პრეტენზიას არ ეთანხმება

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატთან დაკავშირებით, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, დავით საგანელიძის მხრიდან გამოთქმულ პრეტენზიას არ ეთანხმება და აცხადებს, რომ ისეთი ღია პროცესი, რომელიც კანდიდატის შერჩევის მიზნით წარიმართა, ქართულ საზოგადოებას არ ახსოვს.

"მიმაჩნია, რომ ეს პროცესი იყო ერთ-ერთი ყველაზე დემოკრატიული და გახსნილი პროცესი საერთოდ რაც ახსოვს ქართველ საზოგადოებას და განსაკუთრებით სასამართლოს საკითხთან დაკავშირებით. გახსნილობასთან ერთად, მე ხაზს ვუსვამ იმას, რომ მთელი საზოგადოება ინფორმირებული იყო იმის თაობაზე, თუ ვინ იქნებოდნენ კანდიდატები და მეტიც, დასახელება მოხდა თავად საზოგადოების მხრიდან და,  შესაბამისად ძნელია იმის თქმა, რომ ვინმე რამეზე არ იყო ინფორმირებული, როცა ასეთი ღია პროცესი მიმდინარეობდა", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

გიორგი მარგველაშვილის განმარტებით, ასეთი ღია პროცესის შედეგად არასდროს დასახელებულა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატი. "მეტიც, კანდიდატის დასახელებისას ნათლად დავეყრდენი იმ კრიტერიუმებს, რომელიც მივიღე პოლიტიკური პარტიებისა და საზოგადოების ჯგუფებისგან. შესაბამისად, ძნელია იმის თქმა, რომ ვინმე არ იცნობს ნინო გვენეტაძეს საქართველოში ან ვინმესთვის არ არის ცნობილი, რა კრიტერიუმებით დავასახელე მე ის", - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა დავით საგანელიძის განცხადების კომენტირებისას.

როგორც ცნობილია, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა დავით საგანელიძემ დღეს განაცხადა, რომ   პრეზიდენტს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე უმრავლესობისთვის რამდენიმე კანდიდატურის წარდგენა შესთავაზა, რაც პრეზიდენტმა არ გაითვალისწინა.