"ხუდონჰესის" ინვესტორი კომპანია "ტრანსელექტრია ჯორჯია" იურისდიქციას იცვლის და ოფშორულ ზონას ტოვებს.
ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" კომპანია "ტრანსელექტრიკა ჯორჯიას" ტექნიკურმა ხელმძღვანელმა დავით მირცხულავამ განუცხადა.
მისი თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით შეთანხმება უკვე შედგა და მემორანდუმის საბოლოო ვარიანტი იქნა განხილული.
"ჩამოსული იყვნენ ინვესტორები. შეხვდნენ ქვეყნის ვიცე პრემიერსა და ენერგეტიკის მინისტრს და ფაქტობრივად, მოხდა შეთანხმება. იქ ერთ-ერთ პუნქტია, რომ კომპანია ოფშორიდან გამოვა და დარეგისტრირდება. მივესალმები, რომ ენერგეტიკაში ყველა კომპანია გამოვიდეს ოფშორიდან. ჩვენ განვაცხადეთ, რომ კომპანია ოფშორიდან გამოდის. მემორანდუმში გაწერილია პირობები და გადავა რომელიმე ევროპულ იურისდიქციაში, სადაც ორმაგ დაბეგვრას თავიდან ავიცილებთ", - განაცხადა მირცხულავამ.
კითხვაზე - როდის დაიწყება "ხუდონჰესის" მშენებლობა, მირცხულავას განცხადებით, მშენებლობა სავარაუდოდ, ყველა გრაფიკით, წლის ბოლოს დაიწყება.
რაც შეეხება ენერგეტიკის მინისტრის იმ განცხადებას, რომლის თანახმადაც, "ხუდონჰესი" შესაძლოა, კერძო კომპანიის ნაცვლად, სახელმწიფომ ააშენოს, დავით მირცხულავას თქმით, "სახელმწიფოს მონაწილეობა ექნება, როგორც ხელმშემწყობი და შესაძლებელია, მშენებლობის პერიოდში რაღაც ნაწილი ჰქონდეს და შემდეგ გავიდეს".
კითხვაზე - მოხდა თუ არა ადგილობრივ მოსახლეობასთან შეთანხმება, "ტრანსელექტრიკა ჯორჯიას" ტექნიკური ხელმძღვანელი აცხადებს, რომ აღნიშნული პროცესი მიმდინარეობს.