რესპუბლიკელების შეფასებით, ნინო გვენეტაძე სასამართლოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის სახე და სიმბოლოა.
როგორც ფრაქცია "ქართული ოცნება - რესპუბლიკელების" თავმჯდომარე დავით ბერძენიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე ნინო გვენეტაძის სახით პარლამენტს ძალიან კარგი კანდიდატურა წარუდგინა.
"რესპუბლიკელები ნინო გვენეტაძის მიმართ ძალიან კეთილგანწყობილნი ვართ. ჯერ კიდევ 2004 წლის მოწვევის პარალამეტში რესპუბლიკელები ნინო გვენეტაძეს და სხვა მოსამართლეებს ვიცავდით, როდესაც მათ სტატუსი უკანონოდ და უსამართლოდ შეუწყვიტეს. მას შემდეგ რაც რესპუბლიკური პარტია სახელისუფლებო პოლიტიკური სუბიექტი გახდა, ნინო გვენტაძემ პარტიის წევრობა შეიჩერა. მანამდე 2008 წლის არჩევნებისას, როცა ქვეყანაში ძალიან მძიმე პროცესებს ჰქონდა ადგილი, გვენეტაძე რესპუბლიკურ პარტიას ხაშურში წარმოადგენდა. ნინო გვენეტაძე არის სასამართლოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის სახე და სიმბოლო", - განუცხადა ჟურნალისტებს დავით ბერძენიშვილმა.
დეპუტატის თქმით, უზენაესი სასამართლოს ახალი თავმჯდომარის არჩევის საკითხთან დაკავშირებით, მათი ფრაქცია აქტიურ მონაწილეობას მიიღებს შიდა კონსულტაციებში. ბერძენიშვილმა იმედი გამოთქვა, რომ კონსულტაციები საქმიან ვითარებაში წარიმართება.