"ნაციონალური მოძრაობა" ნინო გვენეტაძის კანდიდატურის მხარდაჭერაზე ჩამოყალიბდება

"ნაციონალური მოძრაობა" იმაზე, დაუჭერს თუ არა მხარს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ნინო გვენეტაძის კანდიდატურას, შიდა კონსულტაციების საფუძველზე ჩამოყალიბდება, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთმა ლიდერმა დავით დარჩიაშვილმა განუცხადა.

მისივე განმარტებით, არ აქვს უფლება გვენეტაძის კვალიფიკაციაში ეჭვი შეიტანოს, მაგრამ ასევე უნდა აღიდგინოს ის სურათი, რის გამოც "ნაციონალური მოძრაობის" დროს ის სასამართლო სისტემიდან გაათავისუფლეს.

"ამ წუთისთვის ჩამოყალიბებული აზრი ნინო გვენეტაძე მხარდაჭერას იმსახურებს თუ არა, არ მაქვს. ეს არის კონსულტაციების საგანი უმცირესობას შორის. მე არანაირი საფუძველი არ მაქვს ეჭვი შევიტანო იმაში, რომ ნინო გვენეტაძეს აქვს განათლება, კომპეტენცია და გამოცდილება იურისპრუდენციაში, მაგრამ მაქვს კითხვები, რამდენად ფართოდ ესმის იურისპრუდენციის წინაშე არსებული პრობლემები, როგორც მთლიანად მსოფლიოში, ისე კონკრეტულად საქართველოში, ასევე რამდენად ფართოდ ესმის პოლიტიკური კონტექსტის ის გარდაუვალი გავლენები, რაც არსებობდა, არსებობს და როგორც მოსალოდნელია, უახლოეს მომავალშიც არ ვართ ამისგან დაზღვეული. საინტერესოა, რამდენად ინოვატორი და რეფორმატორია ამ სფეროში, რამდენად შესწევს უნარი გადაწვიტოს ურთულესი ამოცანა, რომ მოსამართლეთა შორის გააჩინოს ის სულისკვეთება, რომელიც გაუძლებს ნებისმიერ გამოწვევას, გამომდინარეს პოლიტიკური თუ აღმასრულებელი ხელისუფლებისგან. ამას მარტო კანონმდებლობაში შეტანილი ინოვაციები არ შველის. ამავე დროს, მე მახსნდება მისი დაპირისპირების პერიოდი. მინდა კარგად აღვიდგინო, რატომ იყო პრობლემები. შესაბამისად, ამ ყველაფრის გაანალიზების შემდეგ ჩამოვყალიბდებით, ვუჭერთ მხარს თუ არ ვუჭერთ ნინო გვენეტაძის კანდიდატურას", - აღნიშნა დარჩიაშვილმა.

პრეზიდენტმა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ნინო გვენეტაძის კანდიდატურა წარადგინა. ნინო გვენეტაძე რამდენიმე მოსამართლესთან ერთად "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ დაითხოვეს.