გიორგი მარგველაშვილი - ნინო გვენეტაძე არის სასამართლო ხელისუფლების დაცვის სიმბოლო

გიორგი მარგველაშვილი - ნინო გვენეტაძე არის სასამართლო ხელისუფლების დაცვის სიმბოლო

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი იმ კრიტერიუმებს ასახელებს, რის გამოც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ნინო გვენეტაძის კანდიდატურა შეარჩია. 

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, სხვა დამსახურებებთან ერთად ამის მიზეზი არის ისიც, რომ ნინო გვენეტაძე სასამართლო ხელისუფლების დაცვის სიმბოლოს წარმოადგენს.

"გადაწყვეტილების მიღება იყო რთული, რადგან ბევრი ღირსეული კანდიდატი იყო წარმოდგენილი. გადაწყვეტილების მიღებისას ჩვენ დავეფუძნეთ 4 ძირითად კრიტერიუმს, რომელიც შემუშავებული იყო კონსულტაციების შედეგად, ასევე კანონის მიერ განსაზღვრულ ვალდებულებებს. ჩვენ შევარჩიეთ პროფესიონალი, რომელიც არის სამართლის დოქტორი და პროფესორი, არაერთი ნაშრომის ავტორი, მრავალწლიანი პედაგოგიური გამოცდილებით, მოსამართლე 6 წლიანი გამოცდილებით უზენაეს სასამართლოში, ევროკავშირის პროექტის ექსპერტი და სისხლის სამართლის მართლმსაჯულების რეფორმის განხორციელებაში მონაწილე. ჩვენ შევარჩიეთ სამეურნეო და მენეჯერული გამოცდილების ადამიანი, რომელიც ხელმძღვანელობდა საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე დიდ ორგანიზაციას – "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას", იყო მოსამართლეთა კონფერენციის თავმჯდომარე, რაც ურთულესი პროცესია და ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სამაგისტრო-სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელი. ჩვენ განსაკუთრებული აქცენტი გავაკეთეთ მის პრინციპულობაზე. ჩვენ მიერ შერჩეული ადამიანი არის პრინციპული და ძლიერი თავის გადაწყვეტილებებში. ეს ადამიანი არის რეალურად სიმბოლო სასამართლო ხელისუფლების დაცვის და სიმბოლო იმისა, რომ არსებობენ საქართველოში მოსამართლეები, რომლებიც ყველაზე მაღლა აყენებენ კანონს, კანონის უზენაესობას და სასამართლო ხელისუფლების სიძლიერეს. ჩვენ შევარჩიეთ ადამიანი, რომელსაც საზგადოება ამ იდეალებისთვის ბრძოლაში კარგად იცნობს და არა მხოლოდ ქართული, არამედ საერთაშორისო საზოგადოებაც. მის მიერ გაწეული ღვაწლი მოსამართლის უფლებების დაცვაში იყო ის წინგადადმული ნაბიჯი, რომელიც საკანონმდებლო თვალსაზრისით გამყარდა ქართულ სასამართლო სისტემაში", - აღნიშნა პრეზიდენტმა.