დავით თევზაძე სამოქალაქო მოძრაობის პრეზენტაციას მარტის დასაწყისში გამართავს

დავით თევზაძე სამოქალაქო მოძრაობის პრეზენტაციას მარტის დასაწყისში გამართავს

თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით თევზაძე სამოქალაქო მოძრაობის "საქართველო მშვიდობისთვის" პრეზენტაციას მარტის დასაწყისში გამართავს.

როგორც თევზაძემ დღეს ჟურნალისტებთან შეხვედრაზე განაცხადა, ორგანიზაცია ჯერ ჩამოყალიბებული ბოლომდე არ არის და გასავლელია იურიდიული პროცედურები რეგისტრაციის სახით.

"სამწუხაროდ, სახელმწიფო მართვა არის მიშვებული. ეს ეტყობა ძალიან ბევრ სფეროს და ასე გაგრძელება არ შეიძლება, ისე როგორც ბავშვის მიშვება არ შეიძლება საბავშვო ბაღში, სახელმწიფოს მიშვება მითუმეტეს არ შეიძლება. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ქვეყანაში არსებობს სერიოზული რესურსი იმისთვის, რომ სახელმწიფოს დავეხმაროთ ამ ვითარების გამოსწორებაში, მათ შორის თუ ამას დასჭირდება ისეთი პროცესი როგორიც არის არჩევნების გზით ხელისუფლების შეცვლა", - განაცხადა დავით თევზაძემ.

თავდაცვის ყოფილი მინისტრი არ აპირებს არანაირი პარტიის ჩამოყალიბებას და ასევე რომელიმე პოლიტიკურ სუბიექტთან ურთიერთობას, თუმცა მსგავს სამოქალაქო ორგანიზაციებთან გაერთიანებას არ გამორიცხავს.

კითხვაზე, შეიძლება თუ არა დავით თევზაძის დაფუძნებულ სამოქალაქო მოძრაობაში ვიხილოთ ემზარ კვიციანი, თავდაცვის ყოფილი მინისტრი პასუხობს, რომ თუ კვიციანი მოინდომებს, რატომაც არა.