პროკურატურამ ვაზაგაშვილების ოჯახი დაზარალებულად ცნო

პროკურატურამ ვაზაგაშვილების ოჯახი დაზარალებულად ცნო

პროკურატურაში ზურაბ ვაზაგაშვილის დედას ციალა ვაზაგაშვილს და ადვოკატებს დაზარალებულად ცნობის შესახებ ინფორმაცია საგამოძიებო უწყების წარმომადგენლებმა გააცნეს.

როგორც ადვოკატი ირმა ჭკადუა აცხადებს, ამ სტატუსის მინიჭების შემდეგ ვაზაგაშვილების ოჯახს და დაცვის მხარეს ექნებათ უფლება, მიმდინარე საქმის მასალებს გაეცნონ.

"აქამდე დაზარალებულს, ზოგადად, არანაირი ფუნქცია არ ჰქონდა სისხლის სამართლის საქმეში. ახლა უკვე სისხლის სამართლის კოდექსში დაიწერა, რომ დაზარალებული უნდა იცნობდეს საქმის მასალებს და ა.შ. პირველი ნაბიჯია ის, რომ ქალბატონი ციალა ცნეს დაზარალებულად, შემდეგ კი, მოხდება საქმის მასალების გაცნობა",- განაცხდა ჭკადუამ.

ზურაბ ვაზაგაშვილი 2006 წლის 2 მაისს კორტებთან ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაიღუპა. აღნიშნული საქმე მიმდინარე წლის 2 თებერვალს საქართველოს პროკურატურამ გახსნილად გამოაცხადა. საქმეზე გამოძიება გრძელდება საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის „ა“, „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტებით, 369-ე მუხლის მესამე ნაწილით და 147-ე მუხლის პირველი ნაწილით.