"აფხაზეთსა და რუსეთს შორის საზღვრები არ უნდა არსებობდეს"

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის თანაშემწის ვლადისლავ სურკოვის განცხადებით, "საზღვრები რუსეთსა და აფხაზეთს შორის ახალი შეთანხმების შესაბამისად უნდა გაუქმდეს".

ამის შესახებ სურკოვმა ოკუპირებულ აფხაზეთში ერთდღიანი სამუშაო ვიზიტის დროს განაცხადა, სადაც ის დე ფაქტო პრეზიდენტ რაულ ხაჯიმბას შეხვდა და მოსკოვის მიერ გამოყოფილი ფინანსური დახმარების საკითხები განიხილა.

მისივე თქმით, "რუსეთში არსებული მძიმე ფინანსური ვითარების მიუხედავად ვლადიმერ პუტინმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ აფხაზეთისთვის განკუთვნილი დაფინანსება არ შემცირდეს".

შეგახსენებთ, რომ რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთთან გასული წლის ნოემბერში ე.წ. სამოკავშირეო და სტრატეგიული ურთიერთობების დოკუმენტი გააფორმა, რომელიც მხარეებს შორის სამხედრო-პოლიტიკურ, სოციალურ და კულტურულ ურთიერთობებს ითვალისწინებს. მსგავსი დოკუმენტის გაფორმებას რუსეთის ე.წ. სამხრეთ ოსეთთანაც გეგმავს.