საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის, გია ვოლსკის შეფასებით, კიევში, 20-21 თებერვალს დაღუპულ გმირთა პატივსაცემად გამართულ ღონისძიებაზე პრეზიდენტ გიორი მარგველაშვილის გამგზავრება იქნება მართებული. ვოლსკის ინფორმაციით, კიევში პარლამენტის წევრების გამგზავრებასთან დაკავშირებით, ჯერ არაფერია გადაწყვეტილი.
როგორც ვოლსკიმ გუშინ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, უკრაინაში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი დღის წესრიგში დგას. "საქმიანი ურთიერთობის განვითარებისთვის ეს ვიზიტი აუცილებელია და ის დღის წესრიგიდან არ მოხსნილა", - აღნიშნა გია ვოლსკიმ.
საქართველოში უკრაინის ელჩმა ვასილი ციბენკომ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები კიევში მიიწვია. როგორც ციბენკომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გუშინ გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, უწყებას მან საქართველოს ხელისუფლების სახელზე 20-21 თებერვლის ღონისძიებაზე დასასწრები მოსაწვევი გადასცა, რომელიც კიევში დაღუპულ გმირთა პატივსაცემად გაიმართება.