საფრანგეთის პრეზიდენტმა და გერმანიის კანცლერმა პუტინთან შეხვედრის შემდეგ კრემლი უკომენტაროდ დატოვეს

საფრანგეთის პრეზიდენტმა და გერმანიის კანცლერმა პუტინთან შეხვედრის შემდეგ კრემლი უკომენტაროდ დატოვეს

საფრანგეთის პრეზიდენტმა და გერმანიის კანცლერმა ვლადიმერ პუტინთან 5-საათიანი შეხვედრის შემდეგ კრემლი უკომენტაროდ დატოვეს.

"ბიბისის" ცნობით, როგორც რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, ლიდერები შეთანხმდნენ "შესაძლო ერთობლივი დოკუმენტის" მომზადებაზე, რომელიც უკრაინის კონფლიქტის დასრულებას შეუწყობს ხელს.

"ამჟამად ერთობლივი მუშაობა უნდა დაიწყოს დოკუმენტის მოსამზადებლად, რომელიც მინსკის შეთანხმების განხორციელებას ითვალისწინებს. დოკუმენტი უნდა მოიცავდეს უკრაინის პრეზიდენტის წინადადებას და იმ წინადადებებსაც, რომელიც პრეზიდენტ პუტინმა მოამზადა", - აღნიშნა პესკოვმა.

გავრცელებული ინფორმაციით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ "შესაძლო დოკუმენტზე" კვირას იმსჯელებენ. შეხვედრას უკრაინის პირველი პირიც დაესწრება.

ვაშინგტონი კი გუშინ მოსკოვში გამართულ შეხვედრას სკეპტიკურად უყურებს. "არ შემიძლია ვუწოდო პოზიტიური იმას, რომ რუსეთი გვისმენს. ისინი ადრეც ასე გვისმენდნენ, უბრალოდ არაფერს აკეთებდნენ", - იტყობინება "ასოშიეიტედ პრესი" აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერ მარი ჰარფიზე დაყრდნობით.