ბატონი კბილაშვილი უნდა ფლობდეს ინფორმაციას იმის შესახებ, რაც მან ვერ შეძლო და რაც სექტემბრიდან გახდა შესაძლებელი

ბატონი კბილაშვილი უნდა ფლობდეს ინფორმაციას იმის შესახებ, რაც მან ვერ შეძლო და რაც სექტემბრიდან გახდა შესაძლებელი

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი მიიჩნევს, რომ იური ვაზაგაშვილის ტრაგედია არ უნდა ყოფილიყო საჭირო იმისთვის, რომ ზურაბ ვაზაგაშვილის საქმე გახსნილად გამოცხადებულიყო. ამის შესახე თეა წულუკიანმა "ტელეიმედის" გადაცემა "რეაქციაში" სტუმრობისას განაცხადა.

"არ უნდა ყოფილიყო საჭირო ასეთი ტრაგედია იმისთვის, რომ მობილიზება ყოფილიყო ყველა ძალის და საქმე რამდენიმე დღეში გახსნილად გამოცხადებულიყო. თუმცა სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს ისიც, რომ პროკურატურა 2014 წლის სექტემბრიდან აქტიურად მუშაობდა ამ საქმეზე და სწორ გზაზე იყო დამდგარი. სწორ გზაში ვგულისხმობ იმას, რომ ყველ ღონეს ახმარდა ამ საქმის გამოძიებას, რაც მანამდე ასე არ იყო. მე არ გახლავართ პროკურატურის ხელმძღვანელი და თუ რა იყო კონკრეტული მიზეზები, ამაზე პროკურატურის სხვადასხვა ხელმძღვანელები ისაუბრებენ. ბატონი კბილაშვილი, უნდა ფლობდეს იმის შესახებ ინფორმაციას, რაც მან ვერ შეძლო, ის, რაც სექტემბრიდან გახდა შესაძლებელი", - განაცხადა თეა წულუკიანმა.

მინისტრის თქმით, როგორც მისთვის გახდა ცნობილი, პროკურტურამ ვაზაგაშვილის საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით გარკვეული წინაღობები გადალახა. "ბატონმა იურიმ იცოდა და რეალურად გარდაცვალებამდე რამდენიმე კვირთ ადრე ის რეგულარულად ხვდებოდა პროკურატურას, როგორც მსხვერპლი. მას ჰქონდა თავისი უფლებები და ამ უფლებების რეალიზაციის მიზნით საგამოძიებო საიდუმლოს წესის დაცვით ხდებოდა ინფორმაციის მიწოდება იმ მოქმედებებზე, რასაც დგამდა პროკურატურა. ის ბოლო დღეებში იყო იმედიანად და პრაქტიკულად იცოდა, რომ რამდენიმე დღეში საქმე გახსნილად უნდა გამოცხადებულიყო", - განაცხადა თეა წულუკიანმა.