საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ბრიუსელში ვიზიტი დაასრულა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ბრიუსელში ვიზიტი დაასრულა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა სამდღიანი ოფიციალური ვიზიტი ბრიუსელში დაასრულა. მინდია ჯანელიძემ ნატოს თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში გამართულ ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაში მიიღო მონაწილეობა. 

ნატოს თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში მინდია ჯანელიძემ ამერიკელ, ბრიტანელ, პოლონელ, ბელგიელ, რუმინელ და ლიტველ კოლეგებთანაც გამართა ორმხრივი შეხვედრები. ყურადღება გამახვილდა თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებაზე. უცხოელმა კოლეგებმა საქართველოს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელს ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის პროცესში აქტიური ჩართულობის მზადყოფნა გამოთქვეს.

მინდია ჯანელიძემ ბრიუსელში სამდღიანი ოფიციალური ვიზიტი დადებითად შეაფასა: „კომისიის სხდომა, რომელიც გუშინ გაიმართა, საკმაოდ ნაყოფიერი, შინაარსობრივი, ასევე იმედის მომცემი იყო ჩვენთვის იქიდან გამომდინარე, რომ პარტნიორი ქვეყნების დიდი ნაწილი სურვილს გამოთქვამს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის პროცესში მიიღოს მონაწილეობა. ვიზიტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრა რამდენიმე ქვეყნის თავდაცვის მინისტრთან. განვიხილეთ ორმხრივი ურთიერთობების საკითხები, სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებები და  ინიციატივები. ვიზიტი იყო ძალიან მნიშვნელოვანი, ნაყოფიერი. საბოლოო ჯამში, ამ ვიზიტის შედეგები მიმართული იქნება ჩვენი შეიარაღებული ძალების, ჩვენი სამინისტროს შესაძლებლობების განვითარებისკენ, იმ ფართო ურთიერთობების, რომელიც ჩვენ გვაქვს ჩვენს პარტნიორებთან კიდევ უფრო გაღრმავების და გამყარებისკენ“.