"არსებობს დიდი ალბათობა იმისა, რომ პუტინი ბალტიის ქვეყნებშიც შეიჭრას"

ნატო-ს ყოფილი გენერალური მდივნის ანდერს ფოგ რასმუსენის განცხადებით, კრემლის რეალური მიზანია, ნატო-ს ერთიანობის შერყევა და რუსეთის გავლენის მოპოვება აღმოსავლეთ ევროპაში.

რასმუსენი Telegraph-თან ინტერვიუში აცხადებს, რომ რუსეთის პრეზიდენტმა შესაძლოა, ბალტიის ქვეყნების წინააღმდეგ ჰიბრიდული ომი აწარმოოს, რათა შეამოწმოს, რამდენად მოახერხებს ნატო მობილიზებას.  

"ეს მხოლოდ უკრაინას არ ეხება. პუტინს სურს, აღადგინოს რუსეთის ძველი პოზიციები. არსებობს დიდი ალბათობა იმისა, რომ პუტინი ბალტიის სახელმწიფოებშიც შეიჭრას, რათა გამოსცადოს ნატო-ს მეხუთე მუხლი, რომელიც კოლექტიურ უსაფრთხოებას ეფუძნება. პუტინმა იცის, რომ თუ ის წითელ ხაზს გადაკვეთს და ნატო-ს მოკავშირეებზე შეტევას განახორციელებს, ის დამარცხდება",-განაცხადა რასმუსენმა. 

მისივე თქმით, ფინანსური კრიზისის შემდეგ, ევროპელებმა იმდენად შეამცირეს სამხედრო ხარჯები, რომ მათ თითქმის არ შეუძლიათ  საკუთარი თავის დაცვა ამერიკის დახმარების გარეშე.

"სიტუაცია კრიტიკულია. ჩვენ გვყავს უამრავი ჯარისკაცი, მაგრამ მათი განლაგება არ შეგვიძლია",-აღნიშნა რასმუსენმა.

შეგახსენებთ, რომ 5 თებერვალს, ნატო-ს ყოფილმა მაღალჩინოსანმა რუსეთის მხრიდან "ჰიბრიდული ომის" წარმოების საშიშროებაზე გააკეთა განცხადება.