უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში კანდიდატების რეგისტრაცია სრულდება. კანდიდატებს და საინიციატივო ჯგუფებს კიდევ სამი დღე რჩებათ. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ერთ-ერთ კანდიდატად წარდგენილია, საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთ ლიდერი თინა ხიდაშელი. ხიდაშელის კანდიდატურა „კონსტიტუციური სამართლიანობის ლიგიდან“ იქნა წარდგენილი. შეთავაზებაზე დათანხმებას არ აპირებს თავად დეპუტატი. ხიდაშელი აცხადებს, რომ „ენის ამოკერვას“ არ აპირებს, მისი თქმით, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ კი „ენა უნდა ამოიკეროს“.
„მე ვარ აქტიური პოლიტიკოსი და არ ვაპირებ ჯერჯერობით ენის ამოკერვას და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ ენა უნდა ამოიკეროს და მეორე -სერიოზული ინტერესთა კონფლიქტი იქნება ხელისუფლების ორი შტო ერთი ოჯახიდან რომ იყოს წარმოდგენილი. მე ვფიქრობ , რომ ჯერ ძალიან ბევრი წელი მაქვს იმისათვის, რომ ისეთი სამსახური დავიწყო , სადაც უნდა დავდუმდე, მანტია ჩავიცვა და მხოლოდ სასამართლო დარბაზში ვილაპარაკო. ამისათვის ახალგაზრდა ვარ,“-განაცხადა თინა ხიდაშელმა.