საგარეო საქმეთა სამინისტრომ ევროკავშირის წარმომადგენელს განმარტებები უნდა მოსთხოვოს

საგარეო საქმეთა სამინისტრომ ევროკავშირის წარმომადგენელს განმარტებები უნდა მოსთხოვოს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი პირველი მოადგილის, "თავისუფალი დემოკრატების" წევრ დავით ზალკალიანის განცხადებით, ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის, ჰერბერტ ზალბერის სოხუმში ვიზიტმა და იმ განცხადებებმა, რომელიც სოხუმის მხრიდან გაკეთდა, ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი გააჩინა და გარკვეული ბუნდოვანება დატოვა. ამის შესახებ დავით ზალკალიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც აფხაზური მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც ევროკავშირს სოხუმში ოფისის გახსნა სურს.

როგორც დავით ზალკალიანმა აღნიშნა, ის ფიქრობს, რომ ევროკავშირის წარმომადგენელმა უნდა გააკეთოს შესაბამისი განმარტება, ასევე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ უნდა მოსთხოვოს მას შესაბამისი განმარტებების გაკეთება, რამდენად შეესაბამება აფხაზეთის პრესაში გავრცელებული განცხადებები იმ რეალურ გამონათქვამებს, რომელიც მან გაკეთა სოხუმში.

"გარკვეული პარალელი მინდა გავავლო მისი წინამორბედის ცხინვალში გაკეთებულ განცხადებებზე. ჯერ კიდევ საგარეო საქმეთა სამინისტროში ჩემი მუშაობის პერიოდში იყო, როდესაც ჩვენ მყისიერად მოვახდინეთ რეაგირება. დავიბარეთ და მის მიერ მოხდა შესაბამისი განმარტების გაკეთება. ამიტომ, მე მიმაჩნია, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრომ უნდა მოახდინოს მყისიერი რეაგირება და უნდა მოსთხოვოს შესაბამისი განმარტებები.

რაც შეეხება თვითონ შინაარსს, თუკი მან ასეთი განცხადება გააკეთა, ეს რა თქმა უნდა, მიმაჩნია, რომ არ არის მთლად მართებული, რადგანაც ევროკავშირი არის ის ორგანიზაცია, რომელიც ძალიან მკაფიოდ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს. ამიტომ, მისი სპეციალური წარმომადგენლის მხრიდან გარკვეული ბუნდოვანების დატოვება რა თქმა უნდა არ არის ხელსაყრელი. როდესაც რუსეთის ფედერაცია, აფხაზეთი და ცხინვალის წარმომადგენლები ასეთ შეფასებებს ისმენენ ევროკავშირის წარმომადგენლობის მხრდიან, ეს მათ ახალისებთ შემდგომი უფრო მკვეთრი ნაბიჯების გადადგმისკენ და ამიტომ, მე მათ მოვუწოდებდი, უფრო მეტი სიფრთხილე გამოიჩინონ. პირველ რიგში, თუკი ასეთი რამ მათ აქვთ გადაწყვეტილი, ეს უნდა იყოს შეთანხმებული საქართველოს ხელისუფლებასთან", - განაცხადა ზალკალიანმა.

მისივე თქმით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დუმილი ბადებს ეჭვებს, რომ ეს არ ყოფილა უწყებასთან შეთანხმებული. ზალკალიანი იმედოვნებს, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრო გააკეთებს შესაბამის განმარტებებს.

"ევროკავშირი უნდა იყოს ძალიან მკაფიო და ყველაფერს დაერქვას თავისი სახელი. ჩართულობის სტრატეგია, რომელიც საქართველოს ხელისუფლების მხრიდან არის შემუშავებული, გულისხმობს იმას, რომ ყველა ნაბიჯი საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებასთან უნდა იყოს შეთანხმებული. თუკი ამ შემთხვევაში მათი მხრიდან ამ ჩართულობის ინტერპრეტაციასთან გვაქვს ადგილი, ეს ჩვენს დაუყოვლებლივ რეაგირებას მოითხოვს", -განაცხადა დავით ზალკალიანმა.

აფხაზური მედიის ინფორმაციით, ევროკავშირს სოხუმში ოფისის გახსნა სურს. როგორც "აპსნიპრესი" იუწყება, ამის შესახებ საუბარი სამხრეთ კავკასიასა და საქართველოს კრიზისის საკითხებში ევროკავშირის წარმომადგენელ, ჰერბერტ ზალბერისა და აფხაზეთის დე - ფაქტო პრეზიდენტ, რაულ ხაჯიმბას შეხვედრისას შედგა. გამოცემის ინფორმაციით, ჰერბერტ ზალბერმა განაცხადა, რომ ამ ჯერზე გალის რაიონის გარდა, გაგრისა და ბიჭვინთის მონახულების საშუალება მიეცა, გარდა ამისა, იგი გალის რაიონში ევროკავშირის პროექტების მიმდინარეობით დაინტერესდა.