საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალ ფრაქციებს საყრდისი-გაჩაღიანის საბადოს საკითხთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის და მასში საკუთარი წარმომადგენლების დასახელების სურვილი არ აქვს.
იმის მიუხედავად, რომ პარლამენტმა ხმათა უმრავლესობით კომისიის შექმნის მიზანშეწონილობის საკითხს მხარი დაუჭირა და სათანადო დადგენილება მიიღო, რის შემდეგაც დღის წესრიგში თავად კომისიის შექმნის საკითხი დგება, ამ დრომდე არც კომისიის შემადგენლობაა განსაზღვრული და არც ის არის გადაწყვეტილი, თუ ვინ იქნება კომისიის თავმჯდომარე.
უმრავლესობაში შემავალი ფრაქციებიდან საგამოძიებო კომისიაში საკუთარი კანდიდატურა მხოლოდ "რესპუბლიკელებმა" წარადგინეს. კანდიდატები წარდგენილი ჰყავთ "თავისუფალ დემოკრატებს" და უმცირესობის ფრაქციებს. რაც შეეხება უმრავლესობაში შემავალ სხვა სუბიექტებს, როგორც ამასთან დაკავშირებით პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე "ქართული ოცნების", "კონსერვატორებისა" და "მრეწველების" მხრიდან აღინიშნა, კანდიდატების წარდგენა ფრაქციათა უფლებაა და არა ვალდებულება და კომისიაში წევრების იძულების წესით წარდგენის მოთხოვნა არ არსებობს.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გამართული კამათის შემდეგ პარლამენტის ბიუროს წევრები შეთანხმდნენ, რომ კომისიის შექმნის საკითხი პარლამენტის პლენარული სხდომის დღის წესრიგში თებერვალის ბოლომდე დადგება.
კომისიის შექმნას პარლამენტის შემადგენლობის ნახევარზე მეტის მხარდაჭერა სჭირდება.