საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი დავით პატარაია და პრეზიდენტის მრჩეველი თენგიზ ფხალაძე დღეს ლიტვის საპარლამენტო დელეგაციის წევრებს შეხვდნენ. მხარეებმა საქართველოს ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაციის აქტუალური საკითხები განიხილეს. საუბარი შეეხო ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობის განვითარებასაც. ლიტვის საპარლამენტო დელეგაციის წევრებმა დაადასტურეს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების პროცესში ლიტვის ხელისუფლების ურყევი მხარდაჭერა. საუბრისას ასევე აღინიშნა, რომ ლიტვა საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია.
„ლიტვა არის ის სახელმწიფო, რომელმაც საკმაოდ ბევრი გააკეთა და ბევრს აკეთებს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისათვის. ბუნებრივია, სრულიად გასაგებია ჩვენი მეგობრების ინტერესი ჩვენი სახელმწიფოს მიმართ და მათი ნებისმიერი ვიზიტი ემსახურება როგორც გამოცდილების გაზიარებას, ისე საქართველოს მხარდაჭერას. მათ გაგვიზიარეს თავიანთი ხედვა ქვეყანაში მიმდინარე პროცესების შესახებ, გამოთქვეს მოსაზრებები თუ როგორ შეიძლება კიდევ უფრო ინტენსიურად განვითარდეს ქვეყნებს შორის ურთიერთობა, საქართველოს ევროპეიზაციისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი და რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ რიგის სამიტზე კიდევ უფრო მეტი წარმატებებისთვის შევძლოთ ბრძოლა; მივაღწიოთ იმას, რომ, ერთი მხრივ, ქვეყნის პროგრესი ღირსეულად შეფასდეს, ხოლო, მეორე მხრივ, სერიოზული ბიძგი მიეცეს ჩვენს ევროპულ ინტეგრაციას", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა თენგიზ ფხალაძემ.