პოლიტიკური პრობლემების მოსაგვარებლად 10-12 პოლიციელის დაკავება არაადეკვატურია

პოლიტიკური პრობლემების მოსაგვარებლად 10-12 პოლიციელის დაკავება არაადეკვატურია

პოლიტიკური პრობლემების მოსაგვარებლად 10-12 პოლიციელის დაკავება არაადეკვატურია, - ეს განცხადება ყოფილმა მთავარმა პროკურორმა მურთაზ ზოდელავამ "სამართალდამცავთა დაცვის ლიგის" ორგანიზებით გამართულ საპროტესტო აქციაზე გააკეთა. ყოფილი მთავარი პროკურორი მიიჩნევს, რომ კორტების სპეცოპერაციის საქმეზე დაკავებული ყოფილი სამართალდამცავები უსაფუძვლოდ, ყოველგვარი ბრალისა და რეალური დანაშაულის გარეშე არიან დაკავებული.

"მე მსურს პირადი სოლიდარობა დავაფიქსირო იმ ადამიანების მიმართ, ვინც წლების განმავლობაში საქართველოს ემსახურებოდა. ვფიქრობ, ისინი იმსახურებენ იმას, რომ სახელმწიფო იყოს მათთან მიმართებაში სამართლიანი. მივიჩნევ, რომ ისინი უსაფუძვლოდ, ყოველგვარი ბრალისა და რეალური დანაშაულის გარეშე დააკავეს, რადგან პოლიტიკური ამოცანა შეესრულებინა კონკრეტულ პოლიტიკურ ძალას. ეს, ჩემი აზრით, არის უსამართლობა და განსაკუთრებით საშიშია სახელმწიფოსთვის, რადგან განხორციელებულია პოლიციელების მიმართ, რომლებიც საზოგადოების ინტერესებს იცავენ. მათთან ასეთი უსამართლო ფორმით და მასშტაბებით მოპყრობა არასწორია. მათთან მიდგომა არაადეკვატურია, არაადეკვატურია სიტუაციაც და თვითონ ის გადაწყვეტილებაც, რომლის მიხედვითაც ვიღაცამ გარკვეული პოლიტიკური პრობლემების მოგვარების მიზნით გადაწყვიტა, 10-12 პოლიციელი დააკავოს", - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას ყოფილმა მთავარმა პროკურორმა.

მურთაზ ზოდელავა მიიჩნევს, რომ სასამართლო პროცესი დაკავებული ყოფილი სამართალდამცავების უდანაშაულობას გამოავლენს.

ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმე პროკურატურამ გახსნილად გუშინ გამოაცხადა. 11 პირი დააკავეს, ხოლო ერთს ბრალი დაუსწრებლად წარუდგინეს.

დაკავებულები არიან: შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის ყოფილი მოადგილე ირაკლი ფირცხალავა; შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სამძებროს სამმართველოს უფროსის ყოფილი მოადგილე გიორგი ცააძე; შსს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი გამომძიებელი ლევან ბეროძე; შსს ქ.თბილისის შს მთავარი სამმართველოს სპეცდანიშნულების ჯგუფის ყოფილი უფროსი კახაბერ ნაკანი და მისი ყოფილი მოადგილე გიორგი გულბიანი; სპეცდანიშნულების ჯგუფის წევრები: იასონ მილაძე, ალექსანდრე ციმაკურიძე, ზურაბ ჯოხაძე, დავით ალელიშვილი, სოსო ჩაკვეტაია და ალექსანდრე სანიკიძე.

ხოლო ერთი პირის - შსს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ყოფილ გამომძიებელ გრიგოლ კვინიკაძის მიმართ, რომელსაც დატოვებული აქვს საქართველოს საზღვარი, გამოტანილ იქნა დადგენილება ბრალდების შესახებ.

დაკავებულებს ბრალი განზრახ მკვლელობის, მისი ორგანიზებისა და მტკიცებულებების ფალსიფიცირების მუხლების წარუდგინეს.