როგორც აღმასრულებელი, ისე საპარლამენტო ხელისუფლება არ არის მთლად ადეკვატური იმ ვითარების მიმართ, რაც ქვეყანაში სუფევს და რაც დაგვხვდა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას ძმამ, გოგლა ჟვანიამ განუცხადა.
როგორც ჟვანიამ აღნიშნა, ხელისუფლებას სერიოზული პოლიტიკური გადაწყვეტილებები აქვს მისაღები.
"არის ერთი მნიშვნელოვანი მომენტი. დღეს ხელისუფლება წარმოვადგენ და რასაც ვიტყვი, ეს პირველ რიგში მე მეკუთვნის - ვფიქრობ, ჩვენი ხელისუფლება, არც აღმასრულებელი და არც საპარლამენტო, არ არის მთლად ადეკვატური იმ ვითარებისა, რაც ქვეყანაში სუფევს და რაც დაგვხვდა. ჩვენ ვიქცევით ისე, თითქოს საქართველოში დემოკრატიული, შვეიცარიის მაგვარი არჩევნები ჩატარდა, მოვედით დემოკრატიული გზით დალაგებულ ქვეყანაში და ოპონენტებად ცოტა განსხვავებული პოლიტიკური შეხედულების ადამიანები გვყავს. თუმცა, რეალობა ყველას კარგად გვახსოვს - ეს იყო მთელი საზოგადოების მრავალწლიანი ბრძოლა სააკაშვილის ბანდის, მისი ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წინაღმდეგ", - განაცხადა გოგლა ჟვანიამ.
მისივე განმარტებით, სათავეში მოსვლის შემდეგ ხელისუფლებას უნდა გადაედგა კარდინალური ნაბიჯები და სხვადასხვა სფეროში სერიოზული რეფორმა ჩაეტარებინა.
ამასთან, გოგლა ჟვანია ხელისუფლებას სასამართლოების იმ მოსამართლეებისგან გაწმენდისკენ მოუწოდებს, რომლებიც "ნაციონალური მოძრაობის" დროს დანაშაულს ჩადიოდნენ.
როგორც გოგლა ჟვანიამ ჟურნალისტებს დღეს განუცხადა, თუკი ბოროტების ჩამდენი ადამიანების დასჯა არ მოხდება, ნორმალურ საზოგადოებაში ცხოვრება შეუძლებელი იქნება.
"ელემენტარულად, უნდა დაიწყოს სახელმწიფო ორგანოების იმ ადამიანებისგან წმენდა, რომლებიც ჩადიოდნენ დანაშაულს. ერთ-ერთია სასამართლო სისტემა. როცა სამართლის აღსრულებაზე ვსაუბრობთ, არ შეიძლება, სამართლის აღსრულებას ახორციელებდნენ ადამიანები, რომლებიც რამდენიმე წლის წინ დანაშაულის ჩადენით იყვნენ დაკავებულები. როგორ შეიძლება იგივე მოსამართლემ დღეს გამოიტანოს სამართლიანი გადაწყვეტილება? ჩვენ გვჭირდება სერიოზული რეფორმები, ჩვენ გვჭირდება სტრუქტურული რეფორმები, ელემენტარულად, ადამიანები უნდა გამოიცვალონ. ეს არ არის მარტივი საკითხი, მაგრამ ველოდოთ, ვის როდის ამოეწურება ვადა? ყოველდღიურად დგება ათასნაირი განაჩენი, უამრავი საქმე იხილება", - განაცხადა ჟვანიამ.